22-01-2024
მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის" 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, „საწარმოთა გამოკვლევა" ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნეს გარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.
„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი დაახლოებით 9%-ია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია მაჩვენებლები კორუფციის მიმართულებით - მათ შორის მოქრთამვის შემთხვევები, კორუფციის სიღრმე თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში, ან ნულია ან ნულთან ახლოსაა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოვებით 6%-ია". - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნია, რომ მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით 17.3%-დან 9 პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად. ამასთან, იმ კომპანიების წილი, რომელიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევს, განახევრებულია და მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. ასევე კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით - ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.