გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რის გამოც "ხალხის ძალა" "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს

24-01-2024

„ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ვრცლად ისაუბრა მედიასთან საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

მან დეტალურად ჩამოთვალა, რა დანაშაული მიუძღვის "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში და რატომ ითხოვს "ხალხის ძალა" მის გასამართლებას.


„პირდაპირ ჩამოვთვლი იმ პუნქტებს, რომლებიც გამოსაძიებელია და ეს მათი დანაშაულების მხოლოდ მცირე ნაწილია:


რატომ მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2006 წელს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა (რომელიც თავის დროზე გააუქმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ)?


რატომ შეუერთეს ახალგორის რაიონი ცხინვალის რეგიონს, მაშინ როცა მანამდე იგი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა?


რატომ ჩაატარეს ამ, დე-ფაქტო აღდგენილ რეგიონში, აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და ამ ნაბიჯებით რატომ მოუხაზეს რუსეთს ის საზღვრები, რომლის ოკუპაციაც მოგვიანებით მან მოახდინა?


რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი?


რატომ შეიყვანეს 2006 წელს კოდორში იმ რაოდენობის ჯარი და რატომ შეიტანეს იმ რაოდენობის და ისეთი სახეობის სამხედრო ტექნიკა, რისი უფლებაც არ გვქონდა მოსკოვის ხელშეკრულებით?


რატომ დააპატიმრეს ხეობის გმირი დამცველები და ამით ხელი რატომ შეუწყვეს კოდორის ხეობის ოკუპაციას?


კოდორის ხეობაში ამ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, 2006 წლის ოქტომბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია #1716, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ საქართველომ დაარღვია მოსკოვის ხელშეკრულება, რითაც ხელ-ფეხი კიდევ უფრო მეტად გაუხსნეს რუსეთის აგრესიას საქართველოში. მიუხედავად ზემოთქმულისა, რადგან ჯარი შეიყვანეს, რატომ არ გაუწიეს წინააღმდეგობა აგრესორს, როდესაც დაიწყო კოდორის ხეობის ოკუპაცია?


რატომ გამოიყვანეს ჯარი უბრძოლველად, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ელოდებოდათ საფრთხე, რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც კოდორის ხეობაში, ისე ფრონეს, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში?


რატომ ეუბნებოდნენ ადგილობრივებს, რომ დარჩენილიყვნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ასეულობით ადამიანის სიკვდილი მშვიდობიან მოსახლეობაში? ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელსაც სჭირდება გამოძიება. რატომ გადამალეს მტკიცებულებები, რომ რუსეთი იყენებდა აკრძალულ იარაღს (ეს იარაღი იყო, მაგალითად, ე.წ.კასეტური ბომბები, მათ შორის, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები)? ამ მტკიცებულებების მოპოვებას რამდენიმე წელი დაგვჭირდა და ეს რომ არ მოგვეპოვებინა, ჩვენ წავაგებდით როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც.


2008 წლის ოქტომბერში ნაციონალურმა მოძრაობამ რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ს, რომლითაც ქართულ ჯარს დააბრალა ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს - საომარი მოქმედებების დაწყება?

კიდევ ერთი ფაქტი: უკრაინაში თავის დროზე დაწყებული იყო გამოძიება და საერთაშორისო პრესაში არაერთი წერილი დაიწერა იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მონაწილეობდა იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში. ამავე კონტექსტში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უკრაინისგან შეიძინა უვარგისი იარაღი, რომელშიც გადაიხადა რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი.


მოგვიანებით ეს იარაღი ჩამოიწერა 2008 წლის ომში და ამით გახდა მილიარდერი კეზერაშვილი. 2008 წლის ომის კონტექსტში აუცილებელია ამ ფაქტის გამოძიება. ეს არის მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ვითხოვთ 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულთა გამოძიებას," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930