გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა

25-01-2024

გრძელდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ვიზიტი.

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ისტორიული მეგობრობის შესახებ ისაუბრა. გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო ორი ქვეყნის უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი და აღნიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ისტორიულ – ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროექტების განხორციელებას.

 

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს პარტნიორობის მზაობისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

 

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930