29-01-2024
პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გააგრძელოს მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
„პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს.
არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი; თუმცა, ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება - მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს.ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს.მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.