30-01-2024
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური საქმიანობა შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და იმ დამსახურებებზე ისაუბრა, რომელიც მას საქმიანობის მანძილზე ჰქონდა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ურთულეს პირობებში მოუწია ჯერ პარტიის თავმჯდომარედ და შემდეგ პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარედ მოსვლა.
„ირაკლი კობახიძეს აქვს დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკოსსა და მენეჯერს, ისე როგორც მეცნიერსა და პედაგოგს. მან შეძლო, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც იყო თანამოაზრეთა ერთობა, ჩამოეყალიბებინა, როგორც კარგად სტრუქტურიზებული და გამართულად ფუნქციონირებადი პარტია.
კობახიძეს ურთულეს პოლიტიკურ პირობებში მოუწია პარტიის თავმჯდომარის და, თითქმის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება. იგი თავიდანვე მოექცა ორმაგი ცეცხლის ქვეშ: ჯერ ერთი, ოპოზიციამ დაინახა მასში სერიოზული საფრთხე და პირველივე წუთიდან იქცა როგორც მათი, ისე მათი ტელევიზიების მუდმივი თავდასხმის ობიექტად.
პარალელურად, მას დაუპირისპირდა ზოგიერთი თანაგუნდელი, ვინც მოგვიანებით ოცნება დატოვა. ამან კი ოცნების ერთგული მხარდამჭერებიც დააბნია, თუმცა, ირაკლი კობახიძე თავისი პრინციპულობითა და მართალი პოზიციით მალე გახდა ლიდერი, რომელსაც ყველა ენდობა და ყველასთვის აღიარებული ავტორიტეტია როგორც საპარლამენტო გუნდში, ისე მთლიანად ქვეყანაში. ირაკლი კობახიძის პრინციპულობა, ინტელექტი და პოლიტიკური უნარები კარგად გამოჩნდა კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე მუშაობის დროს.
ის არა მხოლოდ ავტორია კონსტიტუციის ახალი ვერსიის, რომელმაც პრაქტიკულად ახალი წესრიგი დაამკვიდრა ქვეყანაში, არამედ პრინციპულად დაიცვა და გაიტანა ყველა ის პუნქტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილურობისთვის. ირაკლი კობახიძეს დიდი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ ურთიერთობებშიც, სადაც ასევე მტკიცედ იცავს სამშობლოს ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, უცხოეთში ვიზიტების დროს.
მისი არაერთი შეხვედრა ევროპაში, აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებში, ასევე ბოლო ვიზიტი ჩინეთში და დელეგაციის წარმატება არის ნათელი მაგალითი, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია მას საგარეო ასპარეზზე, განსაკუთრებით ისეთ მღელვარე ეპოქაში, როგორშიც დღეს გვიხდება ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაშიც კობახიძე და ღარიბაშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რადიკალური ოპოზიცია სიტყვა სუვერენიტეტის ხსენებასაც კი ლამის მკრეხელობად და დასავლური ინტეგრაციის ღალატად გვითვლიდა.
ირაკლი კობახიძემაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც მაქსიმუმს აკეთებენ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისთვის და ამ საქმეში ორივენი არიან ლიდერები და ჩემპიონები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა ცალ ფეხზე კი არ დახტოდეს ვიღაცების წინაშე, არამედ ყველგან და ყოველთვის იცავდეს თავის ეროვნულ ღირსებას, სუვერენიტეტს და ინტერესებს, მებისმიერ პლატფორმაზე ხმამაღლა და ამაყად ამბობდეს თავის სიტყვას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.