1-02-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ რიგგარეშე ყრილობას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად დასახელდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რადიკალური ოპოზიციისთვის ის პოლიტიკური განლაგება, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძეა, პარტიის თავმჯდომარე - ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის უახლესი ისტორიის შემოქმედი, დამანგრეველი ქარიშხლის ტოლფასია.
„დასრულდა „ქართული ოცნების“ რიგგარეშე ყრილობა. დასრულდა სრული შეგრძნებით, რომ „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - და ეს ვიღაცა, თანამედროვე ქართული პოლიტიკის ყველაზე წარმატებული „ტრიუმვირატი“ იყო: ივანიშვილი-ღარიბაშვილი-კობახიძე...
იქ, სადღაც ქვემოთ, ქართული პოლიტიკური ფსკერის დონეზე, „გუგულის ბუდეში“ ჩამწკრივებული, კინემატოგრაფიულ/ლიტერატურული გმირების: ექთან რეტჩელის, ექიმ სპივის, ჩარლი ჩესვიკის, მარტინისა თუ ბილი ბებიტის ადგილობრივი „პოლიტიკური“ პროტოტიპების თავზე, „ვიღაცამ“ დღეს ქარიშხალივით გადაუფრინა და ეს ქარიშხალი ამ შემოდგომაზე დაასრულებს ამ „ფსიქიატრიული თავშესაფრის“ ბინადართა, ამ კრიმინალური ბანდის ოცნებას - კვლავ კოლექტიური საგიჟეთისა და კრიმინალიტეტის ატმოსფეროში ჩაფლან ქვეყანა.
ერის ფიზიკური და სულიერი ერთობა - ეს არის საშემოდგომო დამაჯერებელი გამარჯვების საწინდარი; ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო პროცესების სათავეში - ამის დამაიმედებელი გარანტი. ირაკლი კობახიძე - ამ გამარჯვების მკვებავი სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ფონის შემნარჩუნებელი და გამაუმჯობესებელი; ხოლო, ბიძინა ივანიშვილი - ქვეყნის უახლოესი ისტორიის შემოქმედი და საქართველოს ერთგული რაინდი. წარმომიდგენია, რა ხდება ახლა „გუგულის ბუდეში“...“, - წერს დავით ქართველიშვილი.