2-02-2024
ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესი“ ინიციატივით, საფრთხეში მყოფი სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტების პროგრამის (ELSP) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „აღვადგინოთ ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები“ ფარგლებში, ღონისძიება „უნიკალური ჯავახეთი - ჭარბტენიანი ტერიტორიები და ადამიანის კეთილდღეობა“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ გახსნა და განაცხადა, რომ ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობისშესახებ.
„საქართველო მსოფლიოსთან ერთად უერთდება და აღნიშნავს ჭარბტენიანი ტერიტორიების დღეს. ჭარბტენიან ტერიტორიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკოსისტემის კონსერვაციის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველო მდიდარია ჭარბტენიანი ტერიტორიებით. ჩვენ აღიარებული გვაქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რამსარის კონვენცია - ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობა ადამიანის კეთილდღეობისთვის; ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენა ფრინველებისა და ადამიანებისათვის; ჯავახეთის დაცული ტერიტორიები; ეკოტურიზმი და ადგილობრივი მოსახლეობა; ჯავახეთის ზეგანი: გლობალური მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები.
ყოველწლიურად, 2 თებერვალს, მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დღე აღინიშნება. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მიერ, 2024 წლის თემად განისაზღვრა „ჭარბტენიანი ტერიტორიები და ადამიანის კეთილდღეობა“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აღიარებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია: კოლხეთის, ქობულეთის, ბუღდაშენის და მადათაფასე.წ. „რამსარის საიტები“. ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ, რადგან დღესაც,მთელ მსოფლიოში, აქტიურად ხდება წყლის ობიექტების დაბინძურება, დაშრობა, შემცირება არამდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებით და ა.შ.
ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.