6-02-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას განცხადებით ეხმაურება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იყო რუსეთის გაღიზიანებისა და საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავების კიდევ ერთი მცდელობა.
„საქართველომ გაუძლო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას - ეს იყო ერთადერთი შეგრძნება, რაც დღეს მისი მოსმენისგან დაგვრჩა. საარჩევნოდ გადამალეს და მის ნაცვლად „ოცნებამ“ ჩაატარა არჩევნები. პრეზიდენტობისას ვეღარ გადამალეს, რადგან უფლებამოსილება ჰქონდა და სწორედ მისმა სტატუსმა რამდენჯერმე კინაღამ პოლიტიკურ ორმოში აღმოაჩინა ქვეყანა.
დეტალებზე საუბარს ალბათ აზრი არა აქვს, რადგან მისი დღევანდელი გამოსვლა მხოლოდ წინასაარჩევნო მარათონზე იყო გათვლილი. ყველასთვის თვალშისაცემი იყო ერთი ფაქტი - სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ანგარიში, ხელისუფლებასთან ერთად, ძირითადად, მოძრაობა „ხალხის ძალას“ მიეძღვნა. როგორც ჩანს, არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ, მის დამკვეთებსაც ცუდად ხვდებათ ყურში ეს სახელი.
ალბათ ორი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კულტად ქცეულ დასავლეთის ლიდერებს ან ელჩებს ვინმე შეპასუხებას გაუბედავდა საქართველოში ისე, რომ დასავლური კურსის გაგრძელება ქვეყნისთვის უფრო რეალური გახდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ მსოფლიოს ახალი პოლიტიკის ქარიშხლიან დასაწყისში საქართველო სწორედ ამ ბასრივით მჭრელი სიმართლით გაიკვალავდა გზას და თავიდან აიცილებდა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მოსალოდნელ ყველაზე დიდ განადგურებას რუსეთთან ომის შედეგად.
პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასაც ერთადერთ სახელს დავარქმევდით - ეს იყო რუსეთის გაღიზიანებისა და საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც მხოლოდ ომისკენ მივყავართ. ეს არის მათი ერთადერთი მიზანიც და გეგმაც. სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი, თითქოსდა, პროევროპული გამოსვლა და მოწოდებები ყველა სეგმენტის მიმართ, სინამდვილეში, ომის პროპაგანდა იყო რუსეთთან თუ საარჩევნოდ - შიდა დაპირისპირებისთვის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.