8-02-2024
"ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც მისი თქმით, ახალმა დამტკიცებულმა სამთავრობო გუნდმა განსაკუთრებით ეფექტიანად უნდა იმუშაოს.
„ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გამოწვევა. პირველი და ყველაფრის საფუძველი, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, რადგან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები არ დასრულებულა. ამის დამადასტურებელია თუნდაც ორი დღის წინ სუს-ის მიერ აღმოჩენილი ფაქტი, როდესაც საქართველოს გავლით ხდებოდა გარკვეული ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ხოლო რაღაც ნაწილი აქაც რჩებოდა. რა პროვოკაციაზე იყო ეს გათვლილი და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ჯერ ბოლომდე არ ვიცით. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ბიჭებს, რომლებმაც ეს სავარაუდო საფრთხეები აღკვეთეს.
მეორე გამოწვევა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ამის გარეშე არც ევროკავშირი იქნება და საერთოდ, ძალიან ძნელია ქვეყნის ნორმალურ მომავალზე ვისაუბროთ. მესამე არის სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დემოკრატიის განვითარებასთან და მეორე მხრივ - ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასთან. ღარიბ და ღატაკ ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს, რამდენჯერაც არ უნდა გვითხრან, რომ ჩვენი მეგობრები არიან. თუ ეკონომიკა და ცხოვრების დონე არ არის ოდნავ მაინც თავსებადი ევროკავშირის ცხოვრების საშუალო დონესთან, არავინ გაგვიღებს ევროკავშირის კარს.
ამიტომ, ეს არის ის სამი გამოწვევა, რა მიმართულებითაც ყველაზე მეტად ველით სამთავრობო გუნდის ეფექტიან მუშაობას და ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს,“ - განაცხადა სუბარმა.