გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

13-02-2024

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობა გამოირჩევა ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების კომპლექსური ქსელით, ამ მოცემულობისას კი მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა ხდება არამხოლოდ ეროვნული მოვალეობა, არამედ საერთო პასუხისმგებლობა. 


„გრძელვადიან პერსპექტივაში, SDG-ების განხორციელება ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარებას. შედეგად, ჩვენი პოლიტიკა გახდება უფრო ინკლუზიური და უზრუნველყოფს შემოსავლებისა და შესაძლებლობების უთანასწორობის შემცირებას ისე, რომ არავინ დარჩეს პროცესის მიღმა.  საქართველომ დაიწყო SDGs ეროვნულ მიზნებში ჩართვის ინტენსიური პროცესი, მათი ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა. მიზნები და ამოცანები დაისახა ეროვნული კონტექსტის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 


გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის" 2015  წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი  საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას და  მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესი დაიწყო. 


ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების კუთხით. ამასთან, მისი ინფორმაციით,  ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის და სიღარიბის მაჩვენებლის თითქმის განახევრების მიუხედავად, სიღარიბე და უთანასწორობა კვლავ წარმოადგენს ჩვენი  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევას. 


„მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელიც განპირობებულია SDG-ის სულისკვეთებით, რომელიც ესწრაფვის მდგრადი ურთიერთქმედებას ეკონომიკურ ზრდას, ადამიანთა განვითარებასა და გარემოს შორის, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს სათანადო ყურადღება მიაქციოს ქართულ საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და გააძლიეროს ძალისხმევა SDG-ების მისაღწევად", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა სამიტზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული სამოქმედო გეგმების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის: ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების გაუმჯობესება; სოციალური დაცვის გაძლიერება; მაღალი დამატებითი ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა; ყველასთვის ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ყველასთვის ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მდგრადი ინფრასტრუქტურის აშენება და მშვიდობა, კარგი მმართველობისა და ნდობის ხელშეწყობა სოციალური ერთიანობის ასაშენებლად. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები სრულად ემთხვევა გაეროს ფარგლებში ხაზგასმული პოლიტიკის პრიორიტეტებს. 


„საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მძიმე დროსაც კი საქართველომ განაგრძო სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად დუბაიში ასევე იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930