16-02-2024
სანქციების დაწესებით რუსეთს იოტისოდენა ზიანს ვერ მივაყენებთ, სამაგიეროდ საქართველოს ეკონომიკას, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ისეთ აპერკოტს მივაყენებთ, რომლითაც ის რამდენიმე წლით უკან იქნება გადასროლილი, სხვა სახის მატერიალურ, ფინანსურ და ადამიანურ დანაკარგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში არათუ პენსიების ზრდა, არსებულის გადახდაც კი შეუძლებელი გახდება, ხოლო პენსია შეიძლება მართლაც „გახდეს“ 1000 ლარი, მაგრამ ეს იქნება იმგვარი „ზრდა“, რომელიც ჩვენ უკვე გამოვიარეთ 1993-1995 წლებში ჰიპერინფლაციის პირობებში, როდესაც ყველანი „მილიონერები“ ვიყავით, - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე პარტია „ლელოს“ განცხადებებს, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
ექსპერტის თქმით, 1000-ლარიანი პენსიის შემთხვევაში პენსია საშუალო ხელფასის თითქმის ¾-ს მიაღწევს, რაც ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებსაც კი ფაქტობრივად ორჯერ აღემატება.
„ჩვენი საზოგადოება 1990-იანი წლების შემდეგ საკმაოდ გაიზარდა და დღეს ის უფრო იოლად არჩევს პოლიტიკური პარტიების მიერ გაჟღერებულ პოპულისტურ განცხადებებს რეალური და ობიექტური სამოქმედო პროგრამებისაგან. ერთ-ერთ ასეთ თვალსაჩინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ ცოტა ხნის წინ „ლელომ“ განაცხადა 1000-ლარიან პენსიაზე.
იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პენსიის სიდიდე პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს, მის პოტენციალს, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ იგი არაპირდაპირ გამოდის როგორც საზოგადოების წევრთა შრომითი, ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირების ფორმა. 1000-ლარიანი პენსიის შემთხვევაში პენსია საშუალო ხელფასის თითქმის ¾-ს მიაღწევდა, რაც ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებსაც კი ფაქტობრივად ორჯერ აღემატება.
კრიტიკას ვერ უძლებს „ლელოს“ განცხადება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ამ ქვეყანასთან.
ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ძალის მიზანი, პრიორიტეტი უნდა იყოს საკუთარ ხალხზე, მოსახლეობაზე ზრუნვა და არა ვინმესთვის ზიანის მიყენება, თუნდაც ყბადაღებული სანქციებით. სანქციების დაწესებით რუსეთს იოტისოდენა ზიანს ვერ მივაყენებთ, სამაგიეროდ საქართველოს ეკონომიკას, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ისეთ აპერკოტს მივაყენებთ, რომლითაც ის რამდენიმე წლით უკან იქნება გადასროლილი, სხვა სახის მატერიალურ, ფინანსურ და ადამიანურ დანაკარგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში არათუ პენსიების ზრდა, არსებულის გადახდაც კი შეუძლებელი გახდება, ხოლო პენსია შეიძლება მართლაც „გახდეს“ 1000 ლარი, მაგრამ ეს იქნება იმგვარი „ზრდა“, რომელიც ჩვენ უკვე გამოვიარეთ 1993-1995 წლებში ჰიპერინფლაციის პირობებში, როდესაც ყველანი „მილიონერები“ ვიყავით. ამიტომაც, აუცილებელია საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს ასეთი პოპულისტური, ფაქტობრივად კი ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები და გააკეთოს შესაბამისი, სწორი დასკვნები.“ – წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.