გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ალექსეი ნავალნისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია; ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი?

18-02-2024

„ალექსეი ნავალნი ცნობილია საქართველოს მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. უფრო მეტიც, ის ღიად იწონებდა რუსეთის მიერ 2008 წლის აგრესიას საქართველოზე," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


როგორც პოსტშია აღნიშნული, სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ, გმირად აქციო ადამიანი, რომელიც ცნობილია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის მხარდაჭერით, სულ მცირე, უღირსი საქციელია.


„დემოკრატიული ღირებულებებისადმი პატივისცემა უპირველეს ყოვლისა, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა. ქართველებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რუსეთში რომელი პოლიტიკური ძალა რა დაკვეთას ასრულებს და რას ემსახურება. ეგ რუსი ხალხის გადასაწყვეტია.


ჩვენთვის მთავარია, ვის რა პოზიცია აქვს საქართველოსთან მიმართებით. ვინ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად. ამ მხრივ ალექსეი ნავალნი ცნობილია საქართველოს მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით.


უფრო მეტიც, ის ღიად იწონებდა რუსეთის მიერ 2008 წლის აგრესიას საქართველოზე. მისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი? მთელი დღეა ოპოზიციის წერილებს ვკითხულობთ, თუ როგორი დემოკრატიის შუქურა იყო ნავალნი რუსეთში და სააკაშვილი საქართველოში.


სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება და მითუმეტეს, დასაგმობია, თუკი ეს მკვლელობაა. მაგრამ, ელემენტარული ეროვნული ღირსებაა, რომ ადამიანი, რომელიც ასე ღიად არის ცნობილი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის მხარდაჭერით და ქართველების შეურაცხყოფით, გმირად არ აქციო.


არ ვიცი, როგორ დემოკრატიას აშენებდა ალექსეი ნავალნი რუსეთში, მაგრამ სხვა ქვეყნის ოკუპაცია და შეურაცხყოფა რომ დემოკრატია არ არის, ეს ცხადია.


რაც შეეხება სააკაშვილს, მისი “დემოკრატია” სისხლით არის ნაწერი. გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე, ჩვენ მუდამ “სხვა რუსეთის” ძიებაში ვართ, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავთ. რუსეთს, ისევე როგორც სხვა ქვეყანას, საკუთარი ინტერესების გატარება სურს საქართველოში. მათი ენა იარაღია და ამას წარმატებით იყენებენ. აქ მთავარი ჩვენ ვართ, რომ გამოვიჩინოთ გონიერება და ვაწარმოოთ სწორი პოლიტიკა მათთან, რათა შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძლიერი პოლიტიკოსი მაშინ ხარ, როდესაც მტერთან შეძლებ საუბარს, თორემ მოყვარესთან ღიმილი ყველას შეუძლია.


საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა ამ მხრივ რთული, მაგრამ შედეგზე ორიენტირებულია,” - წერს Facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930