გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან

21-02-2024

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი. 
 
ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს  შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. 
  
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. 


„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს საერთო ვალდებულება აკავშირებთ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ბაზის და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობებისა და მოწყობის გასაუმჯობესებლად გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 


ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთოს/ODIHR-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევას. 


ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე 2022-2030 წწ. ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წწ. ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 


ასოცირების საბჭო მიესალმა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფის, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების გარანტირების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. 


ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეული მუშაობა და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას, მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის საფუძველზე. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებას და დგამს ნაბიჯებს ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად. 


ასოცირების საბჭომ ძლიერი მოლოდინი გამოხატა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან მიერთების მაჩვენებელს და მოუწოდა საქართველოს სრული მიერთების მიმართულებით პროგრესისკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით. 


ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს მონაწილეობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში; ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ევროკავშირმა გამოხატა სურვილი, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ  საფრთხეებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, ასევე მშვიდობის ხელშეწყობის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით.


საქართველომ ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის დაწყებისა და ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის - PESCO - პროექტებში ჩართვის სურვილი გამოხატა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930