27-02-2024
„ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს ამხელა ჰიპერსახელმწიფოა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.
მისივე თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობები, სადაც ისტორიას, კულტურას, სუვერენიტეტს არ დააკნინებენ და ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა არ იქნება.
„საბედნიეროდ ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით, ჩვენს ქვეყანაში მიმღებლობა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება. ჩვენი ვალდებულებაც ეს არის, რომ ამ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვიქონიოთ მწვავე რეაქცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, მაგრამ ზუსტად ამ მაგრამის შემდეგ მოდის ყველაფერი. ურთიერთობა არის ორმხრივი და არ შეიძლება ცალმხრივად ჩვენ ვიღებდეთ ვალდებულებებს და ვასრულებდეთ ყველაფერს, ამ ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან კი მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა იყოს. კარგად გვახსოვს მათი მხრიდან დაფინანსებული ე.წ ენჯეოების ქუჩაში გამოსვლა, მოთხოვნები ტექნიკურ მთავრობაზე, ბიულეტენების ფრიალი და გაყალბებული "პივიტი", რაზეც ამერიკის საელჩომ ბოლოს გვითხრა, შეცდომა მოუვიდათო.
არადა ლამის გადაჰყვა ქვეყანა ამ ამბავს. ექვსი თვე პარლამენტში არ შემოდიოდნენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციონერები. ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს არის ამხელა ჰიპერსახელმწიფო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობები, სადაც ჩვენს ისტორიას, კულტურას, სუვერენიტეტს არ დავაკნინებთ.
აქედან გამომდინარე ველოდებით მათი მხრიდან ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჯერჯერობით ტენდენცია აქეთ არ მიდის. ჩვენ (მოძრაობა „ხალხის ძალა“) კარგი ვქენით, რომ ეს ყველაფერი გამოვიტანეთ საჯაროდ და ამაზე საზოგადოებამ დაიწყო საუბარი. რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე საუბარი არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლებოდა გეთქვა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ტაბუდადებული თემა იყო,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.