გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ჩანს, ახლა გეგმაშია „ვეტინგის“ საშუალებით ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენების მოპოვების ოპერაცია, გვთავაზობენ, უცხოელებს ლანგარზე დადებული მივართვათ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი

29-02-2024

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ე.წ “ვეტინგის” სისტემის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს ბრძოლა მართლმსაჯულების სისტემის ხელში ჩასაგდებად.


როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ვეტინგის გამოყენებით მოსამართლეები ალბანეთში, მოლდოვაში და უკრაინაში დაუნიშნიათ, თუმცა, არ გვეუბნებიან, რამდენად გაამართლა ამან. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში არსებულ კორუფციის მაღალ დონეს და მართლმსაჯულების სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის დაბალ ხარისხს, გასაგები გახდება, რომ ჩვენი ოპოზიციისა და ენჯეობის ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯებესებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ ამ სისტემაზე კონტროლის მოპოვებისკენ.


“ბრძოლა მართლმსაჯულების სისტემის ხელში ჩასაგდებად საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ზოგს ერთი ბატონის მეორე ბატონით შეცვლა ჰგონია. განსაკუთრებით „პრადვინუტები“ იქამდეც კი მიდიან, რომ თავისი სამშობლოს უმაღლეს ბედნიერებად მიიჩნევენ, თუ საქართველო რომელიმე ქვეყნის (მაგალითად ამერიკის) ერთ-ერთი შტატი გახდება ან ისეთ კავშირში შევალთ, რომელშიც საბჭოთა საქართველოს მსგავსად, მხოლოდ ქვეყნის სახელწოდება დარჩება და საკუთარ ტრადიციებზე, გამოცდილებაზე ან თუნდაც ეროვნულ ცნობიერებაზე და მენტალიტეტზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვეყოლება. სწორედ ისე, როგორც საბჭოთა კავშირში იყო - ფორმით ქართული, მაგრამ შინაარსით კომუნისტური სასამართლო, პროკურატურა, შსს, კანონმდებლობა, განათლების სისტემა და ა. შ. როდესაც ყველა საკითხი მოსკოვში წყდებოდა.


ამ დასკვნამდე მივდივართ, როდესაც განსაკუთრებულად „პრადვინუტებისგან“ გვესმის, რომ თურმე ქართულ მართლმსაჯულებას უცხოელები უნდა ხელმძღვანელობდნენ. ჯერ იყო და, ისინი გვიკიჟინებდნენ, უცხოელი მოსამართლეები მოვიწვიოთ, ისინი უფრო კვალიფიციურად და ობიექტურად განსჯიან ჩვენებურ მტყუანმართალსო. მერე, ეტყობა გაიაზრეს, რა სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის თარჯიმნებით წარმართვა, წარმოიდგინეს, რომ სპექტაკლ „ძველი ვოდევილების“ პერსონაჟებივით სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ პროცესების მონაწილეები და თავი დაანებეს ამ სულელურ-მონური იდეების ქადაგებას. სამაგიეროდ, ახალი „სიბრძნე“ მოიგონეს - თურმე მართლმსაჯულების სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, რომ უცხოლებმა შეარჩიონ და დანიშნონ ქართველი მოსამართლეები, შეამოწმონ მათი კომპეტენცია და კეთილსინდისიერება.


ქართველებს ხომ, ვინც ახალ უცხო სიტყვას იხმარს, ძალიან განათლებულად მიგვაჩნია და გოიმებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ამ პროცედურის აღმნიშვნელი ახალი სიტყვა „ვეტინგიც“ შემოგვთავაზეს. თან გვეუბნებიან, უცხოელები ჩვენზე კომპეტენტურებიც არიან, ჩვენზე განათლებულებიც და ჩვენზე მიუკერძოებლებიცო. როდესაც ინტერესდები, ამ უცხოელებს ვინ უნდა მისცეს რჩევები, ვინ უნდა გაათვითცნობიეროს ისინი ამა თუ იმ მოსამართლეობის კანდიდატის ავ-კარგიანობაშიო, გპასუხობენ, რა თქმა უნდა, ჩვენო.


აი, ეს „ჩვენ“ - არის ენჯეო მაფიებად ქცეული ის მცირე ჯგუფი, რომლებიც უხვად ფინანსდებიან უცხოური ფონდებიდან და სამაგიეროდ ყველა დამფინანსებლის შეკვეთებს უსიტყვოდ ასრულებენ, რათა მათი ნდობა მოიპოვონ და უფრო მეტი დაფინანსება მიიღონ. მაგალითად, წელს მიღებული გრანტით მოახერხეს ნეოლიბერალური პოზიციების გაძლიერება? ლგბტ პრაიდის მოწყობა? მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია? მომავალ წელს უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შიგადაშიგ ზოგიერთ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტებსაც არ ახორციელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. დამკვეთები კი, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. როგორც ჩანს, ახლა გეგმაშია „ვეტინგის“ საშუალებით ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენების მოპოვების ოპერაცია.


არადა, ცნობილია, რომ სასამართლო სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან ერთად ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განსაზღვრელი მთავარი შტოა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი „ვეტინგელები“ გვთავაზობენ, რომ უცხოელებს ლანგარზე დადებული მივართვათ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. თანაც, ვეტინგის განმახორციელებლები თურმე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ. თურმე ვეტინგის გამოყენებით მოსამართლეები ალბანეთში, მოლდოვაში და უკრაინაში დაუნიშნიათ, თუმცა, არ გვეუბნებიან, რამდენად გაამართლა ამან.


თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში არსებულ კორუფციის მაღალ დონეს და მართლმსაჯულების სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის დაბალ ხარისხს, გასაგები გახდება, რომ ჩვენი ოპოზიციისა და ენჯეობის ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯებესებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ ამ სისტემაზე კონტროლის მოპოვებისკენ. ამ ყველაფერში მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რატომ არის უცხოელი ქართველზე უფრო ჭკვიანი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური? განა ვერ ვხედავთ, თუნდაც ევროკავშირში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში რამდენი კორუფციული სკანდალი იყო მარტო გასულ წელს, ან პოლიტიკურად და კორუფციულად ანგაჟირებული რამდენი უცხოელი პოლიტიკოსი აკეთებს ხოლმე სრულიად არაკომპენეტურ და მიკერძოებულ განცხადებებს თუნდაც საქართველოს წინააღმდეგ. ის მაინც აღარ გვახსოვს,

„მსოფლიო სახელის მქონე“ რამდენმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა თუ სპეციალისტმა გააკეთა გულისამაჩუყებელი განცხადება „მომაკვდავი“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით (რაშიც თურმე სოლიდურ თანხებს იღებდნენ), ხოლო შემდეგ არც კი შერცხვათ, როდესაც ეს უკანასკნელი „მკვდრეთით აღმდგარი“ იხილეს”- წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930