გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვინ ინახავს საქართველოში ქრისტეს საფლავის ქვას - "2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე"

19-12-2017

2016 წლის 26 ოქტომბერს, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი გაიხსნა. ამ ისტორიულ ფაქტს ორი ქართველი შეესწრო, თუ როგორ აღმოჩდნენ ისინი იქ, ამბავი ასე იწყება...

2016 წელს ხატი "დედოფალი სიხარულის მომნიჭებელის" მცველები - ზურა შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა იერუსალიმში იმყოფებოდნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე შექმნეს, სადაც დაბრძანდა ხატის პირველი ასლიც. ეს ამბავი მაცხოვრის საფლავის გახსნას დაემთხვა. 26 ოქტომბრის საღამოს, იერუსალიმის პატრიარქის თანდასწრებით, ქრისტეს საფლავს მარმარილოს ფილა ახსნეს, ხოლო თუ რა მოხდა შემდგომ იქ და რისი ჩამოტანა შეძლეს
-0:32
ხატის მცველებმა თბილისში, ამაზე ზურა შიოშვილი გვესაუბრება:

- ემოციურად საკმაოდ რთული მომენტი იყო, რადგან უდიდესი ქრისტიანული და ისტორიული მოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. მანამდე, აღდგომის ტაძარი სამი დღე დაკეტილი იყო... ალბათ შეუძლებელია შენს თვალწინ ამხელა ფაქტი ხდებოდეს და სურვილი არ გაგიჩნდეს, საფლავის ქვის უმცირესი ნაწილი მაინც შეგხვდეს, თუმცა ეს იქ წარმოუდგენელი იყო...
რამდენიმე დღე, ჩვენთვის, გულში "დედოფალს" ვთხოვდით, უფლის საფლავიდან უმცირესი ნაწილი მაინც შეგვხვედროდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის ტაძარში ყოველდღიურად რამდენჯერმე მივდიოდით, ვხვდებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. ერთ დღესაც, როცა მივედით, იქ ჩვენი მეგობარი სასულიერო პირებს შევხვდით. მათ ხატის მცველები ძალიან ვუყვარვართ და კარგი ურთიერთობაც გვაქვს, რაღაც მომენტში გულში ვიფიქრე, იქნებ სჯობს, ვუთხრა და ვთხოვო, ვიდრე მუდამ დარდად მქონდეს ეს უთქმელობა-მეთქი და მეც ერთ-ერთ მათგანს, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მაცხოვრის საფლავთან, ჩვენი სურვილი გავანდე.

ფაქტია, რომ ღვთისმშობელმა თხოვნა შეისმინა და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ამ ადამიანმა უფლის საფლავის ქვა საჩუქრად გამოგვიბრძანა. ეს თავად გამოქვაბული კლდის ფრაგმენტია, იმ კლდის, სადაც უფალი სამი დღე ესვენა და სადაც აღდგომის უდიდესი სასწაული მოხდა, ალბათ სწორედ ამ ქვამ შეიტყო პირველმა ქრისტეს აღდგომა.

როდესაც ქვა გადმოგვცეს, მოსვენება დავკარგეთ, წარმოუდგენელი ემოცია იყო. არის გარკვეული მოვლენები, რასაც ალბათ გონება ბოლომდე ვერ სწვდება და ისე უნდა მიიღო, როგორც არის... ქვის ჩამობრძანებაზე არანაირი პრობლემა არ გვქონია. იერუსალიმიდან და ზოგადად წმინდა ადგილებიდან ჩვენს ხელთ ხშირად ბევრი რელიქვიაა ხოლმე, დაბრკოლება არასოდეს შეგვქმნია.

წაიკითხეთ: "სიხარულის მომნიჭებელის" აღსრულებული სასწაულები - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

- ქვას ახლა თქვენ ინახავთ?
- მუდმივად ინახება ჩვენთან, იქ სადაც დაცულია ხატი "დედოფალი" სიხარულის მომნიჭებელი, ხშირად ხატის კიოტშიც არის ჩაბრძანებული. როდესაც ხატის გამობრძანება ხდება, ეს სიწმინდეც ხატთან ერთადაა გამობრძანებული ხოლმე, რათა მრევლს საშუალება ჰქონდეს, ისიც მოილოცოს. 2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე და შესაბამისად ხატთან ერთად, მისი ნახვა და მოლოცვა ყველას შეუძლია.

- საფლავის გახსნისას ფოტოს გადაღების საშუალება თუ მოგცეს?
- ძალიან საინტერესო იყო საფლავის რესტავრაციის პროცესი, მადლიერნი ვართ უფლის, რომ ამ ისტორიული მოვლენის დროს იერუსალიმში ვიყავით და საშუალება გქვონდა, გვენახა რა ხდებოდა იქ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, საკმაოდ რთული და ემოციურიც, რადგან მეცნიერები უდიდეს სიწმინდეს ეხებოდნენ, იქ მუშაობდნენ არქეოლოგები. როდესაც უყურებ, ხედავ, რომ ვიღაცისთვის ეს სამუშაო პროცესია, გარკვეული ემოცია გეუფლება. თუმცა როგორც ამბობდნენ, რესტავრაცია აუცილებელი იყო.



ქრისტეს საფლავმა ბევრი ჭირვარამი გამოიარა, იყო დრო, როდესაც მთლიანად დაანგრიეს, უდიდესი ზიანი მიადგა 1808 წლის დიდი ხანძრის დროსაც. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ჩვენ სვეტიცხოველშიც გვაქვს მაცხოვრის საფლავის, კუვუკლიის ასლი, თუმცა ის ისეთია, როგორიც იყო უფლის საფლავი ძველ დროში. მას შემდეგ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში კუვუკლია გადაკეთდა და ბოლოს რუსეთის იმპერატორის მიერ იქნა აღდგენილი და ახლა სწორედ ეს ნაგებობა შეაკეთეს. გვქონდა საშუალება, ერთ-ერთი პირველები შევსულიყავით და ექსპედიციის წევრების გარდა სწორედ ჩვენ გადავიღეთ იქ პირველი ფოტოები.




- როგორც მითხარით, იერუსალიმის პატრიარქთანაც გისაუბრიათ...
- იმ დღეს, როდესაც მაცხოვრის საფლავი გახსნეს, მცველებს დილით იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან გვქონდა შეხვედრა. თავად ეს შეხვედრაც ძალიან საინტერესო და ისტორიული იყო, თითქოს 26 ოქტომბრის დღე მთლიანად იყო რაღაც განსაკუთრებული.

გარდა იმისა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე შევქმენით, იერუსალიმის პატრიარქისგან კიდევ ერთი შეთავაზება მივიღეთ, რომ როდესაც ხატ "დედოფალს" ჩავაბრძანებთ იერუსალიმში, საპატრიარქო რეზიდენციაში შეგვეძლება დედოფლის დაბრძანება, რათა მრევლმა შეძლოს ხატის მოლოცვა, პრაქტიკულად, კიდევ ერთი ადგილი მოვიპოვეთ წმინდა მიწაზე და ეს უკვე იყო ქართველთა ისტორიის გაგრძელება წმინდა ქალაქში, რომელიც სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაჩერდა.

როდესაც პატრიარქის რეზიდენცია დავტოვეთ, უკვე გამოჩნდა ექსპედიციის ჯგუფები აღდგომის ტაძართან, მობილიზებული იყო სპეციალური გადამღები ტექნიკაც, რომელსაც უშუალოდ საფლავის გახსნის მომენტი უნდა გადაეღო. ტერიტორია მომლოცველებისგან და ტურისტებისგან სრულიად დაცლილი გახლდათ და საფლავის გახსნა საღამოს დაიწყეს. არ ვიცი, ეს სიმბოლური დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ უფალმა გამოქვაბულში სამი დღე გაატარა და სწორედ სამი დღით იყო 2000 წლის შემდეგაც საფლავი ღია, ხოლო აღდგომის ტაძარი დაკეტილი...




ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930