21-09-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მოწადინებულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს.
„მაიკლ პომპეო გახლავთ საქართველოს ერთგული მეგობარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ. შეხვედრისას შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს - ეკონომიკაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.