7-03-2024
მგონია, რომ ცოტა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კოლეგები უნდა გაფრთხილდნენ, როდესაც ადეიშვილს უსმენენ, არათუ ელაპარაკებიან, როცა იგი სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს, სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს, მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ადეიშვილს სისხლის სამართლის პრინციპებზე ელაპარაკებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცეებს მიზანმიმართულად სურთ, საქართველოში ანტიევროპული განწყობები გაჩნდეს.
მისივე თქმით, ბედის ირონიაა, რომ დღეს, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ზურაბ ადეიშვილი რაღაც საკითხებს აყენებს.
„სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულია რეკეტთან, წამებასთან, გაუპატიურებასთან, მკვლელობასთან - ამ სისტემის სათავეში იდგა ის სააკაშვილთან ერთად. ამ ადამიანს [ადეიშვილს] რომ ელაპარაკებიან, ეს არის შეურაცხმყოფელი, არ შეიძლება რამემ პროდასავლური განწყობა ისე გააფუჭოს, როდესაც ქართველი კაცი თუ ქალი უყურებს იმას, რომ ადეიშვილი - უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი ლაპარაკობს სისხლის სამართლის პრინციპებზე. ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ანტიდასავლურობა, ანტიევროპულობა რამ უნდა გააჩინოს საქართველოში, მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდა, მთლიანად ქართული საზოგადოების. მგონია, რომ ცოტა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კოლეგები უნდა გაფრთხილდნენ ამ ურთიერთობებში როდესაც ადეიშვილს უსმენენ თუნდაც, არათუ ელაპარაკებიან, როცა იგი სისხლის სამართლის პრინციპებზე ლაპარაკობს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს და მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს, წარმოუდგენელია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ეს შეურაცხყოფს არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, ქართველ ხალხს, თითოეულ ადამიანს შეურაცხყოფს, ვისაც კი გაუგია ადეიშვილის შესახებ.
„როგორ შეიძლება ადეიშვილი რეფორმებზე ალაპარაკო. შეიძლება სერიოზული სახით ჟურნალისტმა მკითხოს, როგორ, ადეიშვილი არ იყო რეფორმატორი? რეფორმატორად მიაჩნიათ ადეიშვილი და მერე უნდა ვილაპარაკოთ ტყუილი სად არის და მართალი სად არის. აქ დგანან ჟურნალისტები, რომლებსაც ადეიშვილი და სააკაშვილი მიაჩნიათ რეფორმატორებად. მას [ადეიშვილს] ხვდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მათი წარმომადგენლები. ეს არის მართლმსაჯულების, სიმართლის, მორალის შეურაცხყოფა. ქართველი ხალხის და საზოგადოების შეურაცხყოფაა ადეიშვილს პრინციპებზე რომ ალაპარაკებენ და უსმენენ. თუკი რამე ანტიდასავლური აღქმა შეიძლება ამ ქვეყანაში გაჩნდეს, ამის გამო შეიძლება გაჩნდეს, ამას ველაპარაკებით და ვარწმუნებთ დღენიადაგ და თუ დარწმუნდებიან, ძალიან კარგი იქნება, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ადეიშვილს რომ ელაპარაკებიან სამართლის პრინციპებზე, ეს რა არის იცით? მე მგონი ვიღაცეებს მიზანმიმართულად უნდათ, რომ ანტიევროპული განწყობები გაჩნდეს საქართველოში და მერე დადგებიან და რუსული-რუსულს ყვირიან ხოლმე დილიდან საღამომდე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.