21-09-2018
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა.
მათ ცეცხლნასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მოხდა. დაშავებულები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
მკურნალი ექიმის, ლევან ტუხაშვილის განცხადებით, ორივე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“კლინიკას თვითდინებით ორმა ახალგაზრდამ მომართა. 21 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხნივ თეძოს და ქუსლის არეში, ასევე, მარჯვენა მხარეს დუნდულის ზედა კვადრატის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. მეორე პაციენტს, 23 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა გაიკერა და დამუშავდა. მკურნალობას ორივე ახალგაზრდა ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ - განაცხადა ექიმმა.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.