8-03-2024
„ფაქტია, რომ ხდება არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინსტრუმენტალიზაცია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ჩვენ გვყავს არასამთავრობო სექტორის სახელით ცნობილი რამდენიმე NGO, რომლებსაც აქვთ მსუყე დაფინანსება, პირდაპირ, უშუალოდ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბექა დავითულიანის თქმით, დაფინანსების პრობლემა არ არის, თუმცა თუ არასამთავრობო სექტორს სურს საქმიანობდეს, როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში, რეგულაციის მიხედვით უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდეს.
„დაფინანსების პრობლემა კი არ არის, უბრალოდ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია, უნდა მოიპოვებდე გრანტებს უცხოური ფონდებიდან, მაგრამ თუ გინდა პოლიტიკურ პარტიად საქმიანობდე, როგორც პოლიტიკური პარტია, იქ სრულიად სხვა რეგულაციებია და უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდე. ჩვენთან ეს არის აღრეული, რაც ცუდია როგორც პოლიტიკისთვის, ცუდია პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორისთვის იმიტომ, რომ ზიანდება არასამთავრობო სექტორი, როდესაც ხდება მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და ეს რომ ხდება ფაქტია“-აღნიშნა დავითულიანმა.
მისივე თქმით, არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას და პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ.
ასევე, ბექა დავითულიანმა გაიხსენა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის განცხადება, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დააკომპლექტონ მთავრობა.
„ჩვენ ვიცით კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას, პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ, ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ. შეცვალონ არა როგორც დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, არამედ უნდა შეცვალონ და მოიყვანონ მათთვის მისაღები და მათი თანამზრახველი პარტიები ხელისუფლებაში. ეს განაცხადა მაგალითად ეკა გიგაურმა პირდაპირ ოპოზიციური მიტინგიდან. თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დავაკომპლექტოთ დროებითი მთავრობა. გამოვიდა და პირდაპირ თქვა- ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და პოლიტიკური მიზანი გაგვაჩნია. ამის მერე ის აგრძელებს დაფინანსების მიღება. ჩვენ ვიცით სხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც, რომლებიც ასევე იღებენ დაფინანსებას და ირიბად ფინანსდება საერთაშორისო ფონდებიდან, ეს არის ფაქტი“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.