12-03-2024
„თუ რა ვერ შეუსრულეს დონორი სახელმწიფოს არასამთავრობოებმა, თავად გაარკვიონ. ფაქტია, საქართველოს მთავრობა პირნათლად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ამასთანავე, პარტნიორულ პრინციპებს,“ - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსული ფული უნდა ხმარდებოდეს ქვეყნის ინტერესებს და პრიორიტეტებს, რასაც ითვალისწინებს დონორ სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს დახმარება 2025 წლისთვის 8 მილიონი დოლარით შეამცირა. ამაზე ბუნებრივია, გაღიზიანებულნი არიან ისინი, ვისზედაც ძირითადად ნაწილდებოდა ეს თანხა, ანუ მათივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ნაცვლად იმისა, რომ თავად ამ ფულის მომხმარებლებს ჰკითხონ მიზეზი, ოპოზიციური მედია კითხვებს სვამს პრემიერთან, თუ რატომ შემცირდა დაფინანსება? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია - სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებიც არიან ამერიკული ფულის მიმღებნი, თითქმის გაუნადგურეს ამერიკის პოლიტიკური იმიჯი საქართველოში. ფაქტია, მათი მუშაობის ფონზე, უცხოური დაფინანსებით გაკეთებული კარგი საქმეებიც აღარ ჩანს. უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში.
ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ის პოლიტიკური კულტურა, რაც ამერიკაშია, მათია და მასზეა დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკაც. საქართველო ტრადიციული პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა და არათავსებადია ჩვენთან ულტრალიბერალური ღირებულებები. ამერიკული ფული მათივე ენჯეოების საშუალებით იმ პოლიტიკის გატარებას ემსახურება ქვეყანაში, რაც ამერიკისთვის მშობლიურია, ჩვენთვის კი უცხო და ხშირად მიუღებელიც.
სწორედ ამიტომ, უცხოური დაფინანსებით საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივ მოსახლეობაში ნეგატიური იმიჯით სარგებლობენ. თუ რა ვერ შეუსრულეს დონორი სახელმწიფოს არასამთავრობოებმა, თავად გაარკვიონ. ფაქტია, საქართველოს მთავრობა პირნათლად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ამასთანავე, პარტნიორულ პრინციპებს. ქვეყანაში შემოსული ფული უნდა ხმარდებოდეს უმთავრესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და პრიორიტეტებს. ეს დევს სწორედ დონორ სახელმწიფოებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში და ჩვენც ამის შესრულებას ვითხოვთ,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.