12-03-2024
"სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს" - ამის შესახებ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ექსპორტის მხარდამჭერი ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოვონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.
"დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოვოს არეალი.
კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ მათთვის სასურველი ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს - იქნება ეს აშშ, თუ ევრაზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი.
ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე. ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ახალი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს. ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5 000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად.
ინდივიდუალური ექსპო გრანტის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები, საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მწარმოებლები.