გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ კონსტანტინიდი:  ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ აშშ-მ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

21-09-2018


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრას და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელ პირებთან, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ეს ვიზიტი საქართველო-აშშ -ს შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტ დინამიზმს შესძენს.


ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. საქართველოს დელეგაციამ ამ კუთხით მოსიმინა მხარდამჭერი განცხადებები, როგორც თეთრი სახლის, ასევე ამერიკის პოლიტიკური სპექტრის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. საქართველო შეფასებულია, როგორც წარმატებისა და დემოკრატიის მკაფიო მაგალითი რეგიონში, სამაგალითო პარტნიორი და საიმედო დასაყრდენი შეერთებული შტატებისთვის, “ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.


ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრებისას  რეგიონში საქართველოს როლს  დაეთმო. ასევე შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.


„ამერიკის შეერთებული შტატები  მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და განაგძობს ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იდგება აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


მან, ასევე ყურადღება ვიზიტის ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური კომპონენტითაც. ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა  გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და გაიზარდოს ამერიკული კომპანიების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში. ამერიკული მხარის მიერ მაღალი შეფასება ეძლევა ეკონომიკის, ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და მთავრობის ამბიციურ გეგმებს. საქართველო რეგიონში ხდება აშშ-ს ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის საიმედო და პერსპექტიული პარტნიორი. საქართველო ჩართულია ბევრ საერთაშორისო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტში, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესს წარმოადგენს“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930