18-03-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აღინიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.
ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; ნატოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.