22-03-2024
ამ განცხადებაში შეინიშნება მუქარის ტონი. „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს. გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე. დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.
მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი დაფინანსება არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს ემსახურება.
„რაც შეეხება მათ დამფინანსებლებს, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ და გაიგონ, რომ ის თანხები, რომელიც მათივე ქვეყნის გადასახადის გადამხდელის მიერ გაიღება არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ხმარდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების დესტრუქციულ სურვილებს - ქვეყანაში რადიკალიზაციის გაზრდის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.