25-03-2024
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (სირაკუზის ინსტიტუტი) წარმომადგენლებს შეხვდა.
თსუს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტებს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების განხორციელებას.
თსუ რექტორმა სირაკუზის ინსტიტუტის წარმომადგენლებს გააცნო თსუ-ისა და იურიდიული ფაკულტეტის როლი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა დაუდასტურა. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია სირაკუზის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რადგან თქვენი გამოცდილებაც, ისევე როგორც ჩვენი, საკმაოდ დიდი და საინტერესოა სამართლის მიმართულებით,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სისხლის სამართლის კვლევების განვითარებას, აგრეთვე, ერთობლივი ღონისძიებების - სიმპოზიუმების, კონფერენციების ჩატარებას.
მომდევნო თვეების განმავლობაში სირაკუზის ინსტიტუტის წარადგენს საკუთარ ინიციატივას - „REACT“, რომელიც გულისხმობს რეგიონული მძიმე დანაშაულების ტრენინგპლატფორმის შექმნას და მის ფარგლებში გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და კურსების ჩატარებას. მხარეები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, კვლევითი, საგანმანათლებლო და აკადემიური აქტივობების განხორციელების კუთხით.
შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სირაკუზის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჟან-ფრანსუა ტონსა, სირაკუზის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორი ფილიპო მუსკასა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს . ინსტიტუტი 1972 წელს დაარსდა ქალაქ სირაკუზაში (იტალია), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევით, საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში„ –აცხადებენ თსუს პიარში.