27-03-2024
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში ცვლილებები შევიდა.
სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორცილდა ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირების საჭიროებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პროექტი მეტად მორგებული იყოს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების მოთხოვნებს და არსებულ გამოწვევებს.
პროექტის ახალი რედაქციით 2024 წელს, გასული წლების მსგავსად ამოქმედდა ქვეკომპონენტები - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის და თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისათვის; ქვეკომპონენტებში - ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის და მესაქონლეობის მიმართულებითარსებულ ქვეკომპონენტებში დაზუსტდა პირობები.
ერთწლოვანი კულტურების ქვეკომპონენტში ფინანსდება ერთწლოვანი კულტურების მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი. სესხის მოცულობა - 10 000 – 100 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 9%.
თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი (1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი); სესხის მოცულობა - 5 000 – 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%.
მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს ექნება ვალდებულება უზრუნველყოს სესხის თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში მეხორცული მიმართულების შემთხვევაში – ერთ სულზე არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობა.
აღსანიშნავია თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტში შესული ცვლილება, რომლითაც ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხის ზედა ზღვარი გაიზარდა და განისაზღვრა 5 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, ასევე თხილის პირველადი წარმოებისთვის მაქსიმალური სესხის მოცულობა, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, გაიზარდა და განისაზღვრა არაუმეტეს 3 000 ლარით.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.