გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

24-09-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა. საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი  ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.


საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. 


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყოველი ახალი საწარმოს გახსნა და ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები, რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კახეთის რეგიონისთვის  წიპწის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მიმართულებით ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან ჩვენ სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ და იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი დავიწყეთ, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ეს მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.


მიმდინარე წელს საწარმოში 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავებაა დაგეგმილი, საიდანაც 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი იქნება მიღებული. პროდუქცია, ამ ეტაპზე, მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს.


საწარმოში მუდმივად 25-მდე ადგილობრივი იქნება დასაქმებული, ხოლო სეზონურად (აგვისტო-ნოემბერი) დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930