2-04-2024
„რადგან ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია, მე ვითავებ ამ საქმეს და მოვითხოვ ყველა პასუხისმგებელი დარგებისგან, რომ სპორტი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი როგორც პროფესიულად, ასევე თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, რათა ჩვენ ვიყოთ ჯანსაღი ერი და ამგვარი წარმატებები არ იყოს ერთჯერადი ჩვენს ცხოვრებაში,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლა დეპუტატმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს იმ დიდი გამარჯვებისა და სიხარულისთვის, რაც მათ საქართველოს მოუტანეს.
„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე და მინდა, მის ხსოვნას და დიდებას პატივი მივაგოთ. ჩვენ გამარჯვებებიც გვაერთიანებს და ასევე, ტრაგედიებიც.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება და არ დავივიწყებთ მის ხსოვნას. გამარჯვება საქართველოს! უდიდესი სიხარული მოგვანიჭეს ჩვენმა ბიჭებმა! დიდი მადლობა მათ ამისათვის, განსაკუთრებით ჩვენს კოლეგას ლევან კობიაშვილს და მის გუნდს. რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ პიროვნებას, ვინც თავისი მაქსიმუმი გაიღო, რათა ეს ენით აღუწერელი სიხარული დასადგურებულიყო ყოველ ჩვენთაგანში.
გუშინ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი პოსტს, სადაც წარმოდგენილი იყო პატარა ფეხბურთელის ჩანაწერი რვეულში, სკოლის საშინაო დავალების სახით. ის მადლობას უხდიდა ჩვენს ბიჭებს ამ დიდი გამარჯვებისთვის და ამავე დროს დებდა პირობას მათ წინაშე, რომ აუცილებლად იშრომებდა ბევრს, რათა მათსავით დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო და ესახელებინა სამშობლო.
აი ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ძალა აქვს გამარჯვებას, რა ძალა აქვს შრომას, პროფესიონალიზმს, საერთო სიხარულს და ერის გაერთიანებას, რაც 26 მარტის ღამეს ვიხილეთ. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ რაც კი რამ მოვისმინე ამ გამარჯვების შეფასებასთან დაკავშირებით, ჩემთვის ამ ბავშვის პოზიცია არის ყველაზე გულწრფელი, პატრიოტული და მოქალაქეობრივი.
ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, მოგიწოდებთ ყველას, მივბაძოთ ამ პატარა ფეხბურთელს და იმას კი არ ვეცადოთ, ამ გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთში უფრო მეტად გავერკვეთ, თუმცა ცუდი არც ეგ იქნება, არამედ უფრო მეტად ვიშრომოთ და უფრო მეტად პროფესიონალები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში და უფრო მეტი გავიღოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად. აი ეს მიმაჩნია ჩვენს ვალდებულებად!
სხვათა შორის, ამ დარბაზში არაერთხელ მისაუბრია სპორტის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მის უნიკალურ შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, ტურიზმი თუ სოციალური მიმართულებები, რაც მთლიანობაში აისახება როგორც ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე.
ჩემი მხრიდან ერთს დავპირდები ჩვენს საზოგადოებას: რადგან ჩვენ არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია, მე ვითავებ ამ საქმეს და მოვითხოვ ყველა პასუხისმგებელი დარგებისგან, რომ სპორტი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი როგორც პროფესიულად ასევე თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, რათა ჩვენ ვიყოთ ჯანსაღი ერი და ამგვარი წარმატებები არ იყოს ერთჯერადი ჩვენს ცხოვრებაში“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.