4-04-2024
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს, იყოს ქვეყანაში შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდგომში ფრენის ტარიფის სუბსიდირების მთავარი პარტნიორი. ახალი ტენდერი მოემსახურება შიდა ფრენების გრძელვადიან ოპერირებას, რათა, პირველ რიგში, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასით მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ რეგიონებში ტურისტული ნაკადების ზრდას. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ შიდა ფრენების სტიმულირების პროექტმა 4-ვე ტურისტულ სეზონზე საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ტურისტული ნაკადების ზრდაზე დიდი ეფექტი მოახდინა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შიდა აეროპორტებს ჰქონდეთ წვდომა და კავშირი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებთან.
„ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით შეძლონ, იმოგზაურონ ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან დედაქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია სვანეთისთვის, რაჭისთვის, კახეთისთვის, ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები. ასევე შიდა ფრენების სტიმულირებით, ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.