6-04-2024
„სამართლებრივი ნონსენსი“ და „აბსოლუტური სისულელე“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციისა და რადიკალური არასამთავრობოების „გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.
როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი სიცრუე ვრცელდება, მათ შორის ის, რომ თუ არასამთავრობოები მოახდენენ დაფინანსების დეკლარირებას, საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუუქმებენ.
„ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, აბსოლუტური სისულელე. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ ქვეყანას, მაშ შორის ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოებიდან, სადაც ახლა დაინიცირდა გამჭვირვალობის კანონპროექტი, მათ შორის საფრანგეთსაც, სადაც იქნება ჩაწერილი კონკრეტული ქვეყანა ან მისამართი, თუ ვის ეხება კანონი. ის უნდა ეხებოდეს ყველას, ვინც წარმოადგენს საფრთხეს ამ კანონის მიმღები ქვეყნისთვის. ახლა კიდევ ერთი სისულელე დაამატეს - თურმე, იმის გამო, რომ არასამთავრობო სექტორმა მოახდინოს გარედან შემოსული ფულის დეკლარირება, ჩვენ ევროკავშირიდან გაგვრიცხავენ. არადა, თავად ევროკავშირი იღებს მსგავს კანონს და ეს პრაქტიკა მას დიდი ხანია აქვს. კიდევ ერთი პროცედურული სისულელე - საქართველოს გარიცხავენ და მას ჩამოართმევენ კანდიდატის სტატუსს. ასეთი მექანიზმი ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცეში და საპარლამენტო პრაქტიკაში, უბრალოდ არ არსებობს,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიკალების მხრიდან დაიწყო შეტევა საზოგადოების ინფორმირებულობის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აქტიურად სოციალურ ქსელებში ხორციელდება.
„გუშინდელი დღიდან დაიწყო სიმართლის თქმის ბლოკირების სპეცოპერაცია. უკვე სოციალურ ქსელებშიც მიდის კონტროლი იმის, რომ საზოგადოებამდე არ მივიდეს სიმართლე. შესაბამისად, ბლოკავენ ქარდებს, ისევ აგონებენ საზოგადოებას ტყუილს, თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ეს ტყუილია,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.