25-09-2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობაში არსებულ აქტუალურ პრობლემას - ორი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის გამმიჯნავ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო კომისიებისა და ექპერტთა ჯგუფების მორიგი შეხვედრა პირველ კვარტალში გაიმართებოდა. რა მდგომარეობაა დღეს ორი მეზობელი ქვეყნის საზღვრების დადგენის საკითხთან დაკავშირებით? საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან 400 კილომეტრზე მეტი (446 კმ. - თბილისის მონაცემებით, 480 კმ. - ბაქოს მონაცემებით) სიგრძის მქონე სახელმწიფო საზღვარი აქვთ. დღეისათვის შეუთანხმებელი რჩება 180 კილომეტრი.
სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი 1996 წელს დაიწყო, როცა ამ მიზნით ორმხრივი აზერბაიჯანულ-ქართული მთავრობათაშორისო კომისია შეიქმნა. ამჟამად დელიმიტირებულ-დემარკირებულია საერთო საზღვრის 66%. კომისიის მუშაობის დროს, დაწყებული 2007 წლიდან, რამდენიმე გადაულახავი დაბრკოლება გაჩნდა, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რომელიც თბილისდან სამხრეთ-აღმოსავლეტით, 60 კილომეტრში მდებარეობს. აზერბაიჯანი თვლის, რომ მონაატერი ალბანური კულტურის ძეგლია და მას „კეშიშჩი-დაღს“ უწოდებს. 2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს, რომელიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორია არ იყო და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა. იმავე 2012 წლის 6 მაისიდან დაწყებული, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკავებულ ნაწილში შესვლა აუკრძალეს ქართველ მლოცველებს, მღვდლებს და პოლიტიკოსებს. საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან აზერბაიჯანს მხოლოდ 2% ეკუთვნისო - უდაბნოს მონასტერი. მეზობლებს შორის სადაო ტერიტორიად რჩება კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - სოფელი ერისიმედი, რომლის ისტორია ასეთია: 1970-იანი წლების ბოლოს, მდინარე ალაზანმა სიღნაღის რაიონში, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიებს ჰყოფდა, კალაპოტი შეიცვალა და მიწის გარკვეული ნაწილი მდინარის გაღმა, საქართველოს მხარეს აღმოჩნდა. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ მიწის იმ ფართობზე სოფელი გააშენა და იქ აჭარლები და ქისტები (ახმეტის რაიონის პანკისის ხეობიდან) ჩაასახლა. დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი და სოფელი ერისიმედი მას ეკუთვნის. ამასთანავე, ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი თვლის, რომ ისტორიული მხარე ჰერეთი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანი საზღვრებშია, საქართველოს ეკუთვნისო.
კავკასიის გარემოს დაცვის ორგანიზაციის (CENN) მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მდინარე ალაზნის გასწვრივ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაედინება, გამოვლენილია 69 ადგილი, სადაც ცვლილებები მოხდა. მათგან 42 შემთხვევაში საზღვარი საქართველოს სიღრმეშია გადატანილი, 27 შემთხვევაში კი - აზერბაიჯანის სიღრმეში.
ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერეთობებში დამატებით გამაღიზიანებელ საკითხად ითვლება ქვემო ქართლის (ბორჩალოს) რეგიონი, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. აზერბაიჯანული სახელწოდებების გადაქართულება, სასკოლო განათლების ქართულ სისტემაზე გადაყვანა, მიწისა და საკადრო პრობლემები - ეს ყველაფერი ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.
საქართველოს მთავრობა პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვემო ქართლში მოსახლეობის, ძირითადად სვანების ჩასახლებას ახორციელებდა და ამის მიზეზად სტიქიურ უბედურებას ასახელებდა. სვანების ჩასახლების გამო აზერბაიჯანულ და ქართულ თემებს შორის ხშირია შეხლა-შემოხლა. ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობის საპროტესტო აქტიურობა აზერბაიჯანში პატრიოტულ გამოძახილს იწვევს.
საქართველო, აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, ჩაბმულია ბაქოს მიერ ინიცირებულ გლობალურ ტრანსკონტინენტურ ინტეგრაციულ პროექტებში და იმ დროს, როცა თბილისი პრიორიტეტს ანიჭებს [სომხეთის სასარგებლო] რაღაც ჰიპოთეტურ და ჩრდილოვან სავაჭრო დერეფნებს, ნებით თუ უნებლიედ, რეალური პრეფერენციების (მოგების) დაკარგვის რისკის წინაშე დგება - იმ პრეფერენციებისა, რომელსაც ენერგეტიკული და სატრანსპორტო-კომუნიკაციური პროექტებით იღებს.
იმავდროულად თბილისი, რომელიც ერევნის უსაფუძვლო მცდელობებს აქეზებს, ამით სომეხ აგრესორებს დანაშაულებრივ „გმირობებისაკენ“ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, სამხრეთ კავკასიაში ახალ რისკებს ბადებს. იმ საეჭვო იდეებისა და მცდელობების დაბლოკვა, რომლებშიც რეგიონული სტაბილურობის დამანგრეველი ქვეყანა [სომხეთი] მონაწილეობს და საიდანაც ის საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას ელოდება, გარდაუვალი ხდება. ბაქოს აქვს ერევნის ყველა იმ ინიციატივის გასანეიტრალებელი ბერკეტები, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესებს ზიანს აყენებს. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა მომავალშიც მეგობრული და სანდო ხასიათისა დარჩება“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.