26-09-2018
სტამბოლის (თურქეთი) აიდინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი ნადირ დევლეთი თურქული გამოცემის, «Anadolu Ajansy»-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნატოს გენმდივნის მოადგილის როუზ გეტემიულერის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარს უკეთებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრად მიღების პერსპექტივას (ესაუბრება ელიფ ჩალიკი).
„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. ასეთი სიტუაცია თბილისს აიძულებს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს - ნატოს და ევროკავშირს დაუხლოვდეს. როუზ გეტემიულერმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეტს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების საკითხს, ამაზე არაერთხელ გაუკეთებია განცხადება თვით ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს - მან მტკიცედ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“, - ამბობს ნადირ დევლეთი, - „მაგრამ პრობლემა საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით იმაში გამოიხატება, რომ ამ საკითხზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კონსენსუსი არ არის - ზოგიერთი წევრი საქართველოს ნატოში ინტეგრირების წინააღმდეგია. მაგალითად, გერმანია. გასული თვის ბოლოს, თბილისში ყოფნისას, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბერლინი არ ეთანხმება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნებს“.
„საქართველო უკვე 15-20 წლის განმავლობაში ცდილობს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს ნატოსთან. თბილისის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვა აღიზიანებს რუსეთს, რომელმაც, სამხრეთი მეზობლის პრონატოური აქტიურობის გასანეიტრალებლად, საქართველოს ტერიტორიის 20% დაიკავა. საერთოდ, დასავლეთი ძალიანაა შეშფოთებული რუსეთის ბოლო ნაბიჯებით - მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ანექსია, სირიაში დომინირებს, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან... შესაბამისად, ვაშინგტონი ცდილობს იმ ქვეყნებს დაუხლოვდეს, რომლებთაც პრობლემები აქვთ რუსეთთან, მაგალითად, საქართველოს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერება „ცივი ომის“ შემდეგ შესუსტდა. სამხედრო პოტენციალის დაქვეითების ფონზე ნატოსთვის მომგებიანი იქნება თავის რიგებში ისეთი სახელმწიფო მიიღოს, როგორიც საქართველოა - მას შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს“, - აღნიშნა ინტერვიუში თურქმა პროფესორმა.