15-04-2024
„გრძელდება დეზინფორმატორების მხილება საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ოპოზიციისთვის „ჯვრის გადასახვის" ტოლფასია.
„გრძელდება დეზინფორმატორების მხილება საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. ეშმაკეულ შეპყრობილებზე პოლიტიკური „საცეცხლურის" კმევის, „აიაზმას" სხურების, „კვეთებული" ლოცვის წაკითხვის, „ჯვრის გადასახვის" ტოლფასია მამუკა მდინარაძის და ანრი ოხანაშვილის თითოეული არგუმენტი დარბაზში შეკრებილი „ოპოზიციისთვის".
საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან. იმ ლოკაციებისკენ მიმავალ ავიარეისებზე, სადაც მონობა და ლაქიაობა მისასალმებელია - ბილეთები შეძენაზე „ხსნილია", - წერს დავით ქართველიშვილი.