26-09-2018
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, „ომეგა ჯგუთან“ მას კავშირი არ აქვსდა არც არანაირ გარიგებებში არ მიუღია მონაწილეობა არასდროს.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ამ საქმესთან. როდესაც პროკურატურაში გაირკვევა ეს საქმე, მას შემდეგ, დიდი ალბათობით, ჩემთან არანაირი კითხვა არ იქნება. შესაბამისად, ვაცდი იმ ორგანოს, რომელსაც ეკუთვნის ამის შესახებ განცხადების გაკეთება.
რაც შეეხება ომეგა ჯგუფს, მასზე არაფერი მსმენია. არ ვარ სიგარეტის მომხმარებელი, არ ვიცი, არ მსმენია. ბიზნესმენ, ზაზა ოქრუაშვილს არ ვიცნობდი.
პირობას გაძლევთ და ჩემს მთელ სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე, არასდროს ასეთ გარიგებაში და დალაგებაში მონაწილეობა არ მიმიღია,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რამდენიმე კვირის წინ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ესაუბრებოდა და ეუბნება, რომ გამოყოს სამ მილიონ ნახევარი ლარი, საიდანაც ერთ მილიონს ბიუჯეტში გადაიხდის, ორ-ნახევარს კი შუამავლებს მისცემს. გავრცელებული ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძეა სწორედ ის ადამიანი, ვინც ყიფიანის თქმით, ახალ პრემიერთან „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები უნდა მოაგვაროს.