გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიის განვითარების ბანკი 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.9%-მდე აუმჯობესებს

26-09-2018

აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის“ (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა.


შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სავალუტო ფონდმა გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე. სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.


აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის თვალსაზრისით. შესაბამისად, 2019 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8.5%-მდე შემცირდება.


ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რასაც ხელი შეუწყო მრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნის მხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა და მოხმარების მაჩვენებლები.


აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება.


საქართველოს მთავრობა აგრძელებს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, საგარეო მოწყვლადობის შემცირებასა და ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფო შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930