17-04-2024
ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ტერმინი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები - ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში, ლგბტ პროპაგანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ტერმინი არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია.
„მაშინ, როდესაც ეს რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, მაშინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. შემდეგ ეს გაიმეორა შესაბამისმა ელჩმა, შემდეგ მათ შორის ენჯეოების წარმომადგენლებმა. ისინი ხმაშეწყობილად, კოორდინირებულად აცხადებდნენ, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც არის სიყალბე. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება. არსებობს მარტივი ლეგიტიმაციის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალბებს მთავრობას და ა.შ. ეს არის დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული გამოვლინება, რომ ერთადერთი ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის სწორედ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. როცა ასეთ დროს მაღალჩინოსნები, კონკრეტული გავლენიანი სივრციდან გეუბნებიან, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მემგონი მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას სახელი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ენჯეოები საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ, ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენჯეო მაინცდამაინც კარგ ან ცუდ ინტერესს ატარებს. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა გახდება გამჭვირვალე ინფორმაცია. სიყალბეს ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ, მატ შორის, ამ ტერმინით. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვჭირდება სწორი ფაქტის კონსტატაცია.
ანუ ერთ მხარეს იყო ყალბი ფაქტის კონსტატაცია, ანუ ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის შემოეჩეჩებინათ ხელში საზოგადოებისთვის ეს ყალბი თეზისი, თითქოს ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც სიყალბეა. სინამდვილეში რა ხდება, ეს უნდა ითქვას საზოგადოებისთვის, მათ შორის კანონის დონეზე - კანონმაც უნდა დაადასტუროს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაციები საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი არიანი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. სინამდვილეში, აქ პრობლემა ნაკლებად აქვთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან არაპოლიტიკურ მიზნებს, იგივე სოფლის მეურნეობა და ა.შ. ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ეს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები - ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ა მიტომ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია - არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია და მე ვფიქრობ, ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენი მთავარი ამოსავალი წერილი არის ჩვენი სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, თუ ის არის გულწრფელი, აქ მე შოტა უტიაშვილს და ეკა კვესიტაძეს არ ვგულისხმობ, თუ არის გულწრფელი, თითოეული არის ჩვენთვის თანაბრად ძვირფასი და ყველაფერი არის ყურადსაღები, მაგრამ ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ საზოგადოება არავის მოვატყუებინოთ, ეს არის ღირსების საქმე. ჩვენი მხრიდან საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.