19-04-2024
მსოფლიო პრაქტიკაში ვერავინ გაიხსენებს რომელიმე ქვეყანაში ლამის მთელი მსოფლიოს ასე ორგანიზებულად დარაზმვას რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. ამიტომ მით უფრო მეტი ყურადღებით და სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, ამ კანონის მიღებით რომელ ძალებს და რაც მთავარია, ამ ძალების რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები, რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა ასეთ გაცოფებულ წინააღმდეგობას იწვევს როგორც დამფინანსებლების, ისე დაფინანსებულების მხრიდან, - წერს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
კაკაბაძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონით“ წინა პლანზე აყენებს და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს არა უცხოელების, არამედ საკუთარი სამშობლოს გეოსტრატეგიულ ინტერესებს.
„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული - იქით ისრაელ-ირან-პალესტინის კონფლიქტი, აქეთ რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებული ომი, დაძაბულობის კულმინაცია ჩინეთ-ტაივანის და ორი კორეის საზღვარზე, მოახლოებული არჩევნები აშშ-სა და ევრო-კავშირში. ამ დროს თითქმის მთელმა მსოფლიომ მოიცალა საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპოექტის დასაწუნებლად.
გერმანიის კანცლერმა გამონახა დრო, საქართველოს პრემიერის გერმანიაში შეხვედრაზე დასაბარებლად.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევრო¬სტრუქტურების ხელმძღვანელები თითქმის ყოველდღე წიოკოსა და ლამის ლანძღვა გინებაზე გადასულები, გვეუბნებიან - არ მიიღოთ ეგ კანონი, თორემ დედას გიტირებთო“.
ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია, რომ კაცი ძალაუნებურად იფიქრებს, საქართველოს ხელისუფლებამ „მგონი მართლა კუდზე დააბიჯა ფეხი გლობალური ომის პარტიას, და მისმა ნაწილებმა ერთიანად მორთეს ყვირილი - მეტკინა, აიღეთ ფეხი, ვაიმე, თავსაც ეტკინა, ფეხებსაც, მუცელსაც და საერთოდ, ფეხს თუ არ აიღებთ კუდიდან, დედას გიტირებთ, რადგან ასეთ გაუსაძლის ტკივილს ვერ შევეგუებითო“.
მართლა თუ ძაღლის თავი არ არის ამ კანონის მიღებაში დამარხული, რა ხდება, ან რა მოხდება, დასავლეთის მიერ საკუთარ აგენტებად ოფიციალურად პრეზენტირებულ თუნდაც რამდენიმე ათეულ არასამთავრობო ორგანიზაციას კანონით თუ დაევალება წელიწადში ერთხელ ფინანსური ანგარიშის გასაჯაროება?
ამის პასუხად ოპონენტები ამბობენ, ჩვენ იმაზე ვდარდობთ, რომ ეგ დასაწყისია, ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც მაგას მოჰყვება სხვა შემზღუდავი კანონები და ჩვენს მიერ გაწვრთნილ მესამე სექტორს სულ გააქრობენ, მის წარმომადგენლებს დააპატიმრებენ (როგორც ეს რუსეთში მოხდა), ან ლაგამს ამოდებენო.
მგონი არავისთვისაა სადავო, რომ საქართველოსა და რუსეთის შიდა მდგომარეობის შედარება სისულელეა. შეუძლებელია "ქართული ოცნების" მმართველობა, რუსეთში დღეს არსებულ მმართველობას შეადარო, ამასთან არც ქართული საზოგადოება შეეგუება არასოდეს უსამართლოდ, ხელოვნურად შემოტანილ შეზღუდვებს.
მაშ რაშია საქმე?
ისევ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ გლობალური ომის პარტიისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია საქართველოში საკუთარი მონა ხელისუფლების ყოფნა. ამის მიზეზი საქართველოს გეო-პოლიტიკური მდგომარეობაა და მსოფლიო პოლიტიკაში დიდი მოთამაშე ქვეყნების მიერ დაგეგმილი გეოსტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების გატარების აუცილებლობა.
შესაძლებელია ეს ყველაფერი ხდება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ რეგიონში რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისა და საქართველოს უკრაინიზაციის მიზნით.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, ამ გეგმებს თავიდან ბოლომდე უნგრევს, ვინაიდან წინა პლანზე აყენებს და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს არა უცხოელების, არამედ საკუთარი სამშობლოს გეოსტრატეგიულ ინტერესებს.
სხვა ახსნა არა აქვს მთელი მსოფლიოს ასეთ გაწიწმატებას და ლამის გაცოფებას 3-მილიონიანი ქვეყნის პარლამენტის მიერ დაინიცირებულ ერთ რიგით კანონზე.
მსოფლიო პრაქტიკაში ვერავინ გაიხსენებს რომელიმე ქვეყანაში ლამის მთელი მსოფლიოს ასე ორგანიზებულად დარაზმვას რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. ამიტომ მით უფრო მეტი ყურადღებით და სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, ამ კანონის მიღებით რომელ ძალებს და რაც მთავარია, ამ ძალების რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები, რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა ასეთ გაცოფებულ წინააღმდეგობას იწვევს როგორც დამფინანსებლების, ისე დაფინანსებულების მხრიდან“, - წერს კაკაბაძე.