დეპუტატებს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევაზე სანქციები დაუწესდებათ
19-12-2017
საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ პროექტზე იწყებს მუშაობას.
ცვლილება შევა პარლამენტის რეგლამენტშიც, რომლის თანახმად „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ გათვალსწინებული ეთიკური ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევისთვის დეპუტატებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით, იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი კოდექსით გათვალისწინებულ ქცევის წესებს დაარღვევს, მათ შესაბამისი სანქციები დაეკისრებათ. ეს სანქციები იქნება: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება, ხელფასის დაკავება (ხელფასისი 10% დან - მაქსიმუს 50%-ის ოდენობით; ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება მაქსისმუმ 6 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის" პროექტით გათვალისწინებულ ქცევის წესებს, პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს.
პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელი იქნება შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.
წარმოდგენილი პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახა კუჭავა და გუგული მაღრაძე არიან.
წყარო: ipress