გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტოტალიზატორის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების გამო პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27-09-2018


პირს, რომელიც ერთ-ერთი ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. 


გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ს. მუშაობდა შპს ,,მარსში’’, რომლის მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com. მომხმარებლების წახალისების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა აქციებს, მათ შორის ჯეკპოტის გათამაშებას აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა შპს ,,მარსის“ მენეჯერს თ.ს.-ს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „მარსის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით.


კერძოდ, თ.ს-ს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ანგარიშებზე შეჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას. ამასთან, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონის მიხედვით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ სქემით დაუფლებული თანხები თ.ს.-ს მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების სახელზე დამზადებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თ.ს. შემდგომში განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. საერთო ჯამში, თაღლითური სქემით კომპანიას 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.


სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ  თ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930