25-04-2024
„დიახ, ევროპას დღეს აგენტოკრატებთან ბრძოლის, სუვერენიტეტის განმტკიცების ზუსტად ის შემართება სჭირდება, რომელსაც საქართველო ავლენს. ამიტომაც ვამბობთ - „ღირსებით ევროპაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „ევროპასაც სჭირდება საკუთარი ღირსების რეანიმირება, სხვანაირად საქართველოსა და ევროპის „სინერგია" ვერ შედგება.“
„ევროკავშირში უკანასკნელ 15 წელიწადში განვითარებული კრიზისი, როგორც ჩანს, თავის პიკს აღწევს. ამის პირველი მკაფიო ნიშანი იყო დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული brexit-ის გადაწყვეტილება. არსებულ საფრთხეებზე საუბრობდა ორიოდე წლის წინ რომის პაპიც, როდესაც აცხადებდა, რომ ევროკავშირის ბრძოლა მასში შემავალი ქვეყნების თვითმყოფადობასა და იდენტობასთან ამ ორგანიზაციის გარდაუვალ დაშლას გამოიწვევდა.
ჩვენ თვალწინ, სამწუხაროდ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი - ახალი „ევროსაბჭოთა კავშირის" ჩამოყალიბების სურათი, დედაქალაქით - ბრიუსელში, ხოლო მართვის ცენტრით - ვაშინგტონში. მიმდინარეობს ნეოსაბჭოთა ადამიანების კრებსითი ეთნოსის ჩამოყალიბების მცდელობაც, რომელმაც პორტუგალიელსა და ესტონელს შორის განსხვავებულობა უნდა წაშალოს, ისევე, როგორც 70 წელიწადი მსოფლიოსთვის ქართველი თუ სომეხი „რუსებს" წარმოადგენდნენ.
დღეს ამ ახალი ვასალური კვაზიიმპერიის შექმნას ეწინააღმდეგება საფრანგეთი და უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. დღის წესრიგში დგას ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებში ახალი პატრიოტული, კონსერვატიული და სუვერენული პოლიტიკური ძალებით არსებული ვასალური, დამონებული შემადგენლობების ჩანაცვლება. საქართველოშიც კი სულ უფრო ხმამაღლა ისმის გაკვირვებული ძახილი: „ნუთუ ასეთ ევროპაზე ვოცნებობდით და სად ვეტენებით".
ეს პოზიცია სავსებით გასაგებია და ის შეუთავსებელია 1989 წლის 9 აპრილის სულისკვეთებასთან - იმისთვის არ გავეყარეთ „ვაის", რათა „ვუის" შევეყაროთ. მაგრამ, ევროკავშირის დღევანდელი კრიზისიც არ უნდა იყოს განხილული „სასიკვდილო განაჩენის" ჭრილში. ცალკეული ყოფილი კომუნისტების, „გლობალური ომის პარტიის" ამჟამინდელი აგენტების, მოქმედი კორუფციონერების „ევროდეპუტატობამაც" არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში.
გვიახლოვდება ევროპარლამენტის ახალი არჩევნები, სადაც დიდი ალბათობით, აგენტოკრატების ჩვენთვის კარგად ნაცნობ მარიონეტებს ვეღარ ვიხილავთ. იმავე საფრანგეთშიც თვე-ნახევარში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებშიც სულ სხვა სადეპუტატო კონფიგურაციაა მოსალოდნელი. ღრმა შინაარსობრივი სიტყვები თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შარშან: „საქართველო სჭირდება ევროპას". დიახ, ევროპას დღეს აგენტოკრატებთან ბრძოლის, სუვერენიტეტის განმტკიცების ზუსტად ის შემართება სჭირდება, რომელსაც საქართველო ავლენს. ამიტომაც ვამბობთ - „ღირსებით ევროპაში“. ოღონდ ევროპასაც სჭირდება საკუთარი ღირსების რეანიმირება, სხვანაირად ჩვენი „სინერგია" ვერ შედგება“, - წერს დავით ქართველიშვილი.