1-05-2024
„გუშინ, რუსთაველზე განვითარებული მოვლენები არის იმ სქემის ნაწილი, რასაც ოპოზიცია ცდილობს უკვე დიდი ხანია - სახელმწიფო გადატრიალებას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით გეგმავს, ვინაიდან იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.
თამარ ჩიბურდანიძე დარწმუნებულია, რომ შეცდომა დაშვებულია წარსულში, როცა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა პოლიტიკური გამბედაობა და რადიკალური ზომები ადრე არ მიიღო.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონმა” გამოააშკარავა არა მარტო შავი ფული, არამედ შავი პოლიტიკაც საქართველოში. ის, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობაში არ წერია და რომელიმე სახელმწიფო თავის უფლებებს ამეტებს, ეს შავი პოლიტიკაა.
სწორედ ამ „თანამშრომლობის მიღმა პოლიტიკის” გამოყენებას ვხედავთ მთელი ეს დღეები პარლამენტის წინ.
გუშინ, რუსთაველზე განვითარებული მოვლენები არის იმ სქემის ნაწილი, რასაც ოპოზიცია ცდილობს უკვე დიდი ხანია - სახელმწიფო გადატრიალებას. იციან რა, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით გეგმავენ. ამ სცენარს აფინანსებენ უცხოური ფულით, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალეა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან კანონს, რადგან არ სურთ გაიგოს ხალხმა მათი ზრახვები. ყველა პროცესიდან რაღაც დასკვნა გამოგვაქვს.
ამ მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ შეცდომა დაშვებულია წარსულში, რადგან ეს პოლიტიკური გამბედაობა, როგორი ბასრიც არ უნდა ყოფილიყო, ადრე უნდა გატარებულიყო. მოსახდენი მაინც მოხდებოდა ამ ფსევდოლიბერალების მხრიდან.
შოკში ვართ ამ ახალგაზრდების ყურებით. ეს კანონი ადრე უნდა მიგვეღო, ჯობდა დროული ქირურგიული ჩარევა, ვიდრე ამ თაობის განადგურება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.