1-05-2024
„ენჯეოების" საქმიანობა თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორიც არის „სირცხვილია", „დროა" და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირს, EED აფინანსებდა პოლარიზაციას, აფინანსებდა რეალურად პოლიტიკურ პარტია „დროას", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კავშირს რევოლუციის პრევენციასთან, აქ სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე, მაგალითად, რომ ავიღოთ იგივე პარტიების კანონმდებლობა - პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან წარადგინონ დეკლარაციები ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე არამარტო ყოველწლიურად, არამედ უფრო ხშირად. გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს პოლიტიკური პარტიებისთვის, ვიდრე გათვალისწინებულია ამ ახალი კანონით. მიზანი რა არის ამ შემთხვევაშიც, პარტიების გამჭვირვალობის მიზანი არის ის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცნენ პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად, არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს პოლიტიკური სისტემა. ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგან, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი ფინანსები არის გამჭვირვალე, სწორედ იმისათვის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს ქვეყანა, იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. აქაც ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე, თუ იქნება გამჭვირვალე „ენჯეოების" საქმიანობა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორიც არის „სირცხვილია", „დროა" და ა.შ.
გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს, კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირს, EED აფინანსებდა ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, კერძოდ, აფინანსებდა რეალურად პოლიტიკურ პარტია „დროას", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, თან აფინანსებდა არა რაღაც პროექტებისთვის, არამედ პირდაპირ პარტიის აქტივისტების ხელფასებს და ოფისების ხარჯებს იხდიდა, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ზოგადად კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა, რაც არის რაც მთავარია, ჩვენთვის პოლარიზაციის პირდაპირი დაფინანსება, ამას აკეთებდა ევროკავშირი. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი იხდიდეს ფულს პოლარიზაციაში, როცა იმავდროულად ევროკავშირი გთხოვს დეპოლარიზაციას. ასეთი მაგალითები არის არაერთი. არის „სირცხვილიას" მაგალითი. იყო შემთხვევები, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურად წარმოჩენის კამპანიას პირდაპირ აფინანსებდა კონკრეტული უცხოური ფონდი, ორგანიზაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც რაღაც არ არის გამჭვირვალე, იქ არის რისკები.
„პარტიების შემთხვევაში საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა პარტიების დაფინანსება და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას შეუძლია, ჩაიხედოს ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და შესაბამისად, რა გავლენას ექვემდებარება შესაბამისი სუბიექტი ამ ქვეყანაში. აქაც „ენჯეოების" გამჭვირვალობის მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ EED-ის ავუკრძალოთ მაგალითად, „დროას" ან „სირცხვილიას" დაფინანსებას, ამას კანონი არ ამბობს. კანონი ამბობს ერთადერთ რამეს, საზოგადოებისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი და საზოგადოება რომ დაინახავს, რომ ცუდი რაღაცები ფინანსდება ამ ქვეყანაში მაგალითად, ამ კონკრეტული ფონდიდან, ამ შემთხვევაში EED-ის ამ კონკრეტულ ფონდს აღარ ექნება მოტივაცია, რომ ეს ცუდი რაღაც დააფინანსოს. ეს არის გამჭვირვალობის მთავარი მიზანი, ამოცანა, რაც არის უბრალოდ კლასიკა ხომ? ამას ემსახურება ეს კანონი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.