2-05-2024
ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე.
მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსია.
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში.
თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.