4-05-2024
პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება.
პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს... საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს... მათი გვერდების "დარეპორტებას" და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.
მისივე თქმით, ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას, იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია... რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად... რომ იქ ნამდვილი არაფერია?!
„წავიკითხე, ხვიჩა კვარაცხელიას სამარცხვინო განცხადება მეთქი, გინდოდათ, ალბათ, დამეწერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ ბიჭს გონებაც ისეთივე აქვს მიმადლებული, როგორც ფეხბურთის თამაშის ნიჭი. „გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“ - სხვაგვარად ამ სიტყვებს ვერ დაწერდა.
ეს ის კაცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ. რომელმაც შეცვალა ქართველი ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი და რწმენა დაუბრუნა. რომელმაც თავდაჯერება შემატა ქართველ ფეხბურთელებს. რომელმაც, ლამის, მარტომ გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ერთი ღამით მაინც შეძლო მთელი ერის გაერთიანება. რომელმაც იმაზე მეტი საქმე გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ერთად აღებულმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ხვიჩას ლანძღავენ.
აკა მორჩილაძის წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, როცა ამას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები, თან ზუსტად იმ სიტყვებით, რითაც თვითონ საუბრობენ. ამას ფანატიზმი ჰქვია.
როგორც უკვე ვთქვი, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ. ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი - თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო - არის ამაზრზენი! რა თავისუფალი სიტყვა, რა განსხვავებული აზრის პატივისცემა, რა კულტურა, რა ერთობა და სიყვარული - ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ჭამენ, როგორ თუ შენ სხვა აზრზე დგახარო! ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ, ერთად უძლებდნენ უამრავ გასაჭირს, ტრაგედიას, ტკივილს... ერთმანეთს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ...
როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ იმის გამო, რომ შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, როცა აქციებს სპეცრაზმით არბევს... შენ რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? გინდა სოციალურ სივრცეში და გინდა რეალურ ცხოვრებაში? რით განსხვავდები, მათგან, ვისაც ებრძვი? იმით, რომ არ შეგიძლია სპეცრაზმი მიუსიო მათ, ვინც არ გეთანხმება? ან უარესი - გეთანხმება, მაგრამ შენი სიტყვებით არ საუბრობს?! (ჰო, დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს... საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს... მათი გვერდების "დარეპორტებას" და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.)
მით უმეტეს, ამ ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას (არა იმიტომ, რომ იქ სიმართლეა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობაა...), იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, (და დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ განცხადების გამო, უმრავლესობა, ხვიჩას რომ აქებდეს, თავადაც შეაქებდნენ...) საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია... რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად... რომ იქ ნამდვილი არაფერია?!
ყველაფერს ითამაშებთ და ყველაფერს მოიტყუებით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერა! ჰოდა, ნუ აჰყვებით ამ ძალით პატრიოტ, ბრმა წინამძღოლებს, თითებს რომ ილესავენ კლავიატურაზე. პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ისიც ვიცი, რაცაა მათი პატრიოტიზმი... საკუთარი თავის გარდა, რომ არავინ ადარდებთ ქვეყნად და მხოლოდ პოპულარობაზე, პირად ანგარიშსწორებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ასეთი რადიკალიზმით, ზეწოლით, დამცირებით და ბულინგით, ბევრი ადამიანის თვალში, იმ ჯანსაღ ნაწილსაც ჩრდილს აყენებთ, რომელიც მთელი სულით და გულით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
ანთხიეთ ეგ თქვენი სიძულვილი, ბოღმა და გესლი, საქართველოს მტრებს, მაგრამ ერთმანეთს - არა! ასე ვერაფერში გავიმარჯვებთ. დედა გვეტირება ასე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ნაწერიდან სწორ აზრს გამოიტანთ, მაგრამ სულ ერთია. რაც დავწერე, დავწერე“, - წერს თორნიკე ნაროზაული.