9-05-2024
„თუ შენ ახალგაზრდა ვაჟკაცი ხარ და მართლა გაწუხებს, რომ თურმე მე რუსეთისკენ მიმყავს ქვეყანა, არ გებადება კითხვები ამ საკითხებზე?“, - ასე მიმართავს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს და აკეთებს ჩამონათვალს იმ ქვეყნისათვის საზიანო ქმედებებისა, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა.
ყაველაშვილი მოუწოდებს ახალგაზრდებს, ერთხელ მაინც დაუსვან ეს კითხვები მათ გვერდით აქციებზე მდგომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს.
„კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ ავუხსნათ, რა არის გლობალური ომის პარტიის სურვილი. დღევანდელი პროცესები მიდის ისევ ომთან, ჩემო ძვირფასებო. საქართველოს ხელისუფლება უარზეა ომში ჩართვაზე. ამიტომ უნდათ ქვეყნის სათავეში მოიყვანონ თავიანთი სატელიტი, რომელიც წინა ხელისუფლების სახით ჰყავდათ საქართველოში. სწორედ ამ კონტექსტში განვითარდა მოვლენები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ამიტომაც მიყიდა მაშინდელმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს; ამიტომ მოაწერეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ რეზოლუციას ხელი. ეს ყველაფერი ქვეყნის გარედან დავალებით ხდებოდა.
თუ შენ ახალგაზრდა ვაჟკაცი ხარ და მართლა გაწუხებს, რომ თურმე მე რუსეთისკენ მიმყავს ქვეყანა, არ გებადება კითხვები ამ საკითხებზე? ანწუხელიძის გვამი ჯერ გაციებული არ იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში ისეთ რეზოლუციას მოაწერეს ხელი იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც შენ ახლა აქციაზე დგახარ. სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, კოდორის ხეობაც ჩააბარეს და იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც ახლა აქციაზე დგანან, ამ ყველაფერზე ხმაც კი არ ამოუღია. აქციებზე გვერდზე რომ გიდგათ ის მინაშვილი და უგულავა, ერთხელ არ დაგებადათ კითხვა, რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? ამ ყველაფერს რომ გააცნობიერებთ, მერე მოდით და ვილაპარაკოთ. სახელმწიფო თავის ადგილზე დადგება, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, დაანონსებული გვაქვს, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი და ამ ღირსებით შევალთ ევროკავშირში და თანაბარუფლებიანი პარტნიორის პოზიციიდან დაველაპარაკებით ყველას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.