9-05-2024
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, კანონი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა - ყველა გამოჩნდა - მტერიც და მოყვარეც, ისინიც, ვინც „თამაშით" იყვნენ დღემდე დაკავებულნი.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი დიდი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რაც მის საბოლოო მიღებამდე საუცხოოდ ამუშავდა.
დუღილის პროცესი დაჩქარდა, ბაქტერიები მაღალ ტემპერატურას ვეღარ უძლებენ, ლექი ფსკერზე ეშვება და წყალი წყაროს წყალივით სუფთა ხდება. ყველა გამოჩნდა - მტერიც და მოყვარეც, ისინიც, ვინც „თამაშით" იყვნენ დღემდე დაკავებულნი. გამოჩნდნენ ჩასაფრებულნიც და ქვეყნის ერთგულნიც, მორწმუნენიც და ურწმუნონიც, „პირადნიც და საზოგადონიც“; ჩანან სწავლულნიც და უსწავლელნიც, მკითხველნიც და უკითხავნიც, მორჩილნიც და ღირსეულნიც, კაცნიც და ქალნიც, ისინიც, ვინც ამაშიც ვერ გარკვეულან... რევოლუციის საჭიროებაც აღარ არის იმიტომ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა. ყველამ თავის ადგილს მიაგნო. რუსულის ძახილმაც მოჭამა დრო, იმიტომ, რომ ტყუილს იმაზე მოკლე ფეხები ჰქონია, ვიდრე გამჭვირვალობამდე გვეგონა. ევროპაშიც ცოდვა მალე ჩამოირეცხება და ჩვენც ნუ ვიჩქარებთ, „მოჩქარეს მოუგვიანდესო", ნათქვამია.
ცოტა დავიცადოთ და უფრო ღირსეულად მიგვიღებენ, თანაც, ცალ ფეხზე ლაყლაყიც აღარ მოგვიწევს. კიდევ კარგი მოვახერხეთ და მშვიდობიანად, ომის გარეშე, გავდივართ ამ გზას, თორემ „ცხელი ბომბები"ყველას ერთად მუსრს გაგვავლებდა, „შავი ფულიც" უკან დარჩებოდა ზოგიერთს და საზეიმოც სხვას ექნებოდა. მოკლედ, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად მიდის და ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც მალე იხარებს.“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.