12-05-2024
ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა ძალოვან სტრუქტურებთან და ყველა საკითხზე იქნება რეაგირება, იქნება ეს ძალადობა, მუქარა, ნებისმიერ ფაქტზე იქნება რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ოპერატიულად გაკეთდება, თუმცა ფაქტების დადგენას დრო სჭირდება.
„მაგალითად შარშან ლამის მთელი ქალაქი გადაწვეს, ძალადობის უამრავი ფაქტი იყო. მანქანები დაწვეს, ავტობუსები დაწვეს, პარლამენტი ლამის გადაწვეს, უამრავი ზიანი, მათ შორის ქონებრივი ზიანი მიადგა სახელმწიფოს და სულ ერთი კაცი იყო დაჭერილი ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე. რა თქმა უნდა, გამოძიებას აქვს სტანდარტი და საქართველოს შემთხვევაში აქვს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი, შესაბამისად ყველა ფაქტის დადგენას სჭირდება დრო. ყველაფერი ოპერატიულად იქნება გამოძიებული", - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ მივიდა საპატრულო პოლიცია გამოძახებაზე, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ იყო „ტვ პირველთან" დაკავშირებული საკითხი, თუმცა სინამდვილეში იქ არავითარი ძალადობა არ მომხდარა.
„რა სპექტაკლი დაიდგა იქ, არ ვიცი. ნოდარ მელაძეს ზოგადად, სჩვევია სპექტაკლების დადგმა. ფაქტია, რომ არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.