13-05-2024
გამოვიდა ჯერ პრემიერი, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი და განმარტა 222-ე მუხლი, რომ ბლოკირება არის სისხლის სამართლის წესის გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. როგორც ჩანს, უკვე რომ მიხვდნენ, რომ წინა წლების პრაქტიკა აღარ განმეორდება და უნდა ვაღიაროთ, წინა წლებში სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავდა, შეიძლება ეს კრიტიკის საფუძველიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მსუბუქი მუხლით კი არ მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული ჯარიმების პრაქტიკა დაინერგა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "იმედი LIVE"-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 222-ე მუხლში არსებული დისპოზიციის თანახმად, სასჯელი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამას ბევრი ოპოზიციურად განწყობილი იურისტიც დაეთანხმა.
მდინარაძის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, ოპოზიცია თავის მიერვე წაქეზებულ ადამიანებთან თავის გამართლებას ცდილობს და სწორედ ამიტომ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია "ქართული ოცნების" დეპუტატების პარლამენტის შენობაში ღამის გათევის შესახებ.
"თუ სიტყვასიტყვით განვმარტავთ და არაერთი მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი იურისტი ადამიანი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, მეორე ნაწილია 222-ე მუხლში, სადაც წერია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. მსგავსი ქმედებები, დისპოზიციის შესატყვისი კვალიფიკაცია რომ იყო, ამასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა საერთოდ არ იწყებოდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ასეთი პრაქტიკის გაგრძელებას ჩვენ არ ვაპირებთ და შესაბამისი რეაქცია იქნება. როგორც ჩანს, ეს რომ მოისმინეს, ამ თავის წაქეზებულ ადამიანებთან უნდათ თავის გამართლება და სულელური, სასაცილო მოტივაცია მოიტანეს, რომ იცით, რა პარლამენტარები უკვე შიგნით იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა. იმიტომ რომ ახლა შეშინდნენ, მიხვდნენ, თვითონ მანდ მიმსვლელები არ არიან, ეს ახალგაზრდა ადამიანები უნდა წააქეზონ რომ მივიდნენ, ამისიც შეეშინდათ როგორც ჩანს, ეს ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე მაგრამ ერთადერთი ახსნა აქვს იმას, რომ მიხვდნენ, ასეთი მოქმედებისათვის, როგორც კანონიერია, როგორც სწორია კვალიფიკაციის მინიჭება იქნება 4 წლამდე პატიმრობა, შესაბამისად, ამას ვერ ბედავენ და ახლა ამბობენ უკვე, რომ პიჟამებით არიან შიგნით დეპუტატები და აზრი არ აქვს" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.