13-05-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეების ფარგლებში საჯარო დისკუსიათა კვირეული გაიხსნა.
თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების გახსნას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ევროკავშირში გაერთიანება არის ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი, უალტერნატივო კურსი, რომელიც კონსტიტუციით არის დეკლარირებული. ამ მიმართულებით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები უნდა გადადგას. ვფიქრობ, სტუდენტების მხრიდან აკადემიური აქტივობა ამ თემის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა თამარ ზარანდიამ.
ევროკავშირის დღეების ფარგლებში პირველი საჯარო დისკუსია - „ევროკავშირი დღეს - ინსტიტუციური და სამართლებრივი ბუნება“ თსუ მოწვეულმა ლექტორმა ნინო გახარიამ გამართა.
13 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დარგის ექსპერტები, თსუ-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები გაუძღვებიან საჯარო დისკუსიებსა და განხილვებს ევროკავშირის ორგანიზაციული მოწყობისა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციისა (ILSA საქართველო) და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.